26 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 361.2 ლარია - საქსტატის მიერ განსაზღვრული საარსებო მინიმუმი არასაკმარისია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოთვალა ერთი შრომის უნარიანი მამაკაცის არსებობისთვის საჭირო თვიური თანხაც - მათი აზრით, თვეში 181 ლარი საკმარისია.

ამ თანხიდან 70%, ანუ 127 ლარი სასურსათო კალათას უნდა მოხმარდეს. დანარჩენი 30%, ანუ 54 ლარი - კომუნალური გადასახადებისთვის, ჰიგიენის საშუალებებისთვის, ტრანსპორტისთვის და სხვა ხარჯებისთვის უნდა გაანაწილოს.

საქსტატის დათვლით საარსებო მინიმუმი თუ ერთი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის არის 181 ლარი, საშუალო ერთსულიანი ოჯახისთვის ეს თანხა ნაკლები - 160 ლარია, ორისთვის - 256, სამისთვის - 288, ოთხისთვის - 321, ხუთი სულისთვის 361 და უფრო მეტისთვის კი - 427 ლარი.

ამტკიცებენ, რომ თვის განმავლობაში 600 გრამი ლობიო, 300 გრამი წიწიბურა, 300 გრამი ხორცი, 600 გრამი ქათამი და სხვა ასევე მცირე ზომის ულუფები საკმარისია.

ფასების დათვლის დროს საქსტატმა ბაზარზე არსებულ ყველაზე იაფიან პროდუქტებს კიდევ 14% მოაკლო. არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციამ გამოთვალა და დაადგინა, რომ აგრარულ ბაზარში შევაჭრების გათვალისწინებით, ყველაზე უხარისხო იმ 40 პროდუქტის შესაძენად, რომელიც საქსტატს აუცილებელ რაციონში აქვს გაწერილი, თვეში, მინიმუმ, 30 ლარით მეტია საჭირო.

ქართული ოცნების დეპუტატები აღიარებენ, რომ ხუთსულიანი ოჯახი 361 ლარად თვის განმავლობაში ვერ იარსებებს. იმასაც არ უარყოფენ. რომ მეთოდოლოგია, რომელითაც ითვლიან. მოძველებულია.

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ საარსებო მინიმუმი არის უბრალოდ სტატისტიკური მონაცემი, რომელიც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ამით უნდა იარსებოს.

საარსებო მინიმუმი არის შემოსავლის მინიმალური დონე, რომელიც საჭიროა ადამიანის არსებობისა და აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. ეს ინდიკატორი ცხოვრების ქვედა ზღვარს აჩვენებს. სწორედ ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით გაიცემა სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანებზე.

მეთოდოლოგია, რომლითაც ითვლება საარსებო მინიმუმი, 2003 წლიდან არ შეცვლილა. თუ შეიცვლება მეთოდოლოგია, შეიცვლება მაჩვენებელიც და სახელმწიფო იძულებული იქნება. ქვეყანაში გაიზარდოს სოციალური დახმარება.

დღის ამბები