04 მაისი 2024,   00:36
ვრცლად
ბრალდებები მოსამართლე მურუსიძისა და დეპუტატ ქუცნაშვილის მიმართ - ყაზბეგში მიწის წართმევას დვალიშვილები ამ პირებს უკავშირებენ

მორიგი ბრალდება მოსამართლე ლევან მურუსიძის მისამართით - ყაზბეგის ცენტრში 900 კვადრატული მიწის წართმევის შემდეგ დვალიშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძის უსამართლობის მსხვერპლია. ოჯახი უკვე 7 წელია, ცდილობს, დაიბრუნოს ბაღი, სადაც კარტოფილი მოჰყავდა, თუმცა, სამართალი ვერ იპოვა.

დვალიშვილები ამტკიცებენ, რომ ტურისტულად აქტიურ ზონაში, სადაც მიწის ფასი წლიდან წლამდე იზრდება, ხელისუფლების გავლენიანმა მაღალჩინოსნებმა წაართვეს.

ოფიციალურად დვალიშვილებს ოჯახს ყაზბეგის რაიონის მცხოვრები ნაზი ხუციშვილი ედავება, თუმცა, დვალიშვილები დარწმუნებულები არიან, რომ ყაზბეგის ცენტრში, სადაც კვადრატული მეტრი მიწის ფასი 300 დოლარზე ავიდა, მათი ქონების დასაკუთრება ზაქარია ქუცნაშვილს უნდა.

ნაზიბროლა ხუციშვილი ამტკიცებდა, რომ ტერიტორია, რომელიც დვალიშვილებს ეკუთვნოდა, მისია. სასამართლომ მიწა დვალიშვილებს მიაკუთვნა. 2018 წელს კი ყაზბეგის მიწის საქმე ლევან მურუსიძემ განიხილა და დვალიშვილების მტკიცებით, ზაქარია ქუცნაშვილის მფარველობით, მომჩივანს მიაკუთვნა.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ ყაზბეგის ცენტრში სადაო მიწის შესახებ იცის, თუმცა, ამ პროცესში მის მონაწილოებას კატეგორიულად გამორიცხავს.

ნაზი ხუციშვილი, რომელიც დვალიშვილების მტკიცებით, ზაქარია ქუცნაშვილის მფარველობით მათ მიწას ართმევს, ადასტურებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატს იცნობს, თუმცა, რა კავშირი აქვს ქუცნაშვილთან და მურუსიძესთან, ამ კითხვაზე არ პასუხობს.

ხუციშვილი ამბობს, რომ დვალიშვილების მიწის ნაკვეთი და მის მომიჯნავედ არსებული შენობა მან 1993 წელს აუქციონით შეიძინა და 900 კვადრატული მეტრი, რომელზეც დვალიშვილები აცხადებენ პრეტენზიას, მას კანონიერად ეკუთვნის და ამის დამადასტურებელი საბუთებიც გააჩნია.

სადავო მიწის ნაკვეთი ნაზი ხუციშვილის სასტუმროს გვერდით მდებარეობს. ვიდრე ბოლო ინსტანცია გადაწყვეტს, ვის ეკუთვნის დვალიშვილების ბაღი, მოსამართლე ლევან მურუსიძის განჩინებით, ხუციშვილს ადგილზე კაფის მშენებლობის უფლება მისცეს.

ბრძოლა მიწისთვის წლების წინ დვალიშვილების ბაბუამ დაიწყო, დაუსრულებელი სასამართლო დავების დროს ის გარდაიცვალა. ოჯახი ამტკიცებს, რომ ვერ გაუძლო ზეწოლას, რომელიც ოჯახზე მიდის. დვალიშვილები ამბობენ, რომ ქონების დათმობას არ აპირებენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

დღის ამბები