18 სექტემბერი 2019,   16:11
ვრცლად
"თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა" - ხმაური კომიტეტის სხდომაზე

ხმაურიანი გამოდგა ფინანსთა მინისტრის გამოსვლა პარლამენტში, დარგობრივი ეკომონიკის კომიტეტში - ვანო მაჭავარიანის აგრესიას ოპონენტებმაც აგრესიითა და ცხარე კრიტიკით უპასუხეს.

მინისტრი დღეს საფინანსო სისტემის რეკეტში დაადანაშაულეს. კამათი კი საბანკო რეგულაციებზე, საპენსიო რეფორმასა და საგარეო ვალებზე მსჯელობას მოჰყვა.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და დღესაც კი ამაყობთ ე.წ. ვალების განულებით. ვალების განულების ამ პროცესის ორგანიზატორი იყავით თქვენ, ეროვნული ბანკი, პრემიერ-მინისტრი. ყოველ დღე ჩანდით ტელევიზიით და მოგწერეთ წერილი, ვალების განულება რა დაუჯდა თქვენს პარტნიორ იმ ქართუ ფონდია, თუ ვიღაცას და რა პასუხი მივიღეთ? - ვალების განულება ჩვენ არ გვეხებაო, ეს ორ კომერციულ სუბიექტს შორის არსებული კონფიდენციალური ინფორმაციაა და ვერ გეტყვითო. ხელისუფლებამ მოახდინეთ საფინანსო სისტემის რეკეტი და ივანიშვილმა ამაში კაპიკებიც კი არ გადაიხადა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრს მოუწევს პასუხის გაცემა წერილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც ისევე დაატოვებინებენ პოსტს, როგორც ეს სხვა ფინანსთა მინისტრების შემთხვევაში მოხდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის კრიტიკას "დემაგოგია" უწოდა ვანო მაჭავარიანმა.

„ეს ღია, პირწმინდა ტყუილები არც ერთს არ უთქვამს. აი, ჩვეულებრივად ღიად შეგიძლიათ ამ ასაკის კაცს, ზიხართ და დემაგოგობთ. აი,  თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა, რაა“ - განაცხადა ვანო მაჭავრიანმა.

ოპოზიცია დემაგოგიაში დაადანაშაულა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემაც, რომელმაც კოლეგას ურჩია, საკუთარ პოზიციებში ჩამოყალიბდეს.

„ბატონო რომან, რაღაცაში ჩამოყალიბდით. ან ის ვალები უიმედოა და შანსი არ იყო იმის ამოღება და მოვატყუეთ ქართველი მოსახლეობა, ან ამოღების იმედი იყო და დავარეკეტეთ ფინანსური ინსტიტუტები და ეს ვალები წავართვით. ან ერთში გაერკვიეთ, ან მეორეში ჩამოყალიბდით, რა ბრალდებას უყენებთ. აი, ეს არის დემაგოგია, რასაც თქვენ ამბობთ,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ვანო მაჭავარიანს მოუწია ოპონენტებისთვის პასუხის გაცემა, საპენსიო რეფორმაა.

ოცნებიდან წასულმა ბექა ნაცვლიშვილმა ადგილზე კალკულაცია წარმოადგინა, თუ რა რაოდენობის პენსიას აიღებს 500-ლარიანი ხელფასის მქონე პირი, რომელსაც 7 წელი დარჩა შენატანების გასაკეთებლად. მისი თქმით, საპენსიოდ შეგროვილი მისი თანხა 50 ლარი და 70 თეთრი იქნება. 

ვანო მაჭავარიანის მტკიცებით კი, ეს თანხა 2000 ლარსაც კი ასცდება და დეპუტატი არასწორ კალკულაციას აკეთებს. 

დღის ამბები