04 მაისი 2024,   14:33
ვრცლად
"თუ მოხდა სამი არამოსამართლე წევრის გაწვევა, ეს იქნება კანონის უხეში დარღვევა" - ლევან მურუსიძე

"აბსურდულია, როდესაც შენ ითხოვ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლო ადამიანები მის მიერ გამოხატული პოზიციის გამო," - ამ განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე, ევროპული საქართველოს ინიციატივას ეხმაურება.

ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საბჭოს სამი არამოსამრთლე წევრის გაწვევის მოთხოვნას ეხება. ესენი არიან ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ საბჭოდან არამოსამართლე წევრის გაწვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარ საქმიანობას არაჯეროვნად ასრულებს. 

„არამოსამართლე წევრის გაწვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენს დეპუტატებს  ევროპული საქართველოდან, კარგად გაიაზრონ, რას ნიშნავს არაჯეროვანი შესრულება და აბსურდულია, როდესაც შენ ითხოვ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლო ადამიანები მის მიერ გამოხატული პოზიციის გამო. თუ ეს მოხდა, ეს იქნება იმდენად უხეში დარღვევა კანონის, იმდენად უხეში ჩარევა სასამართლო სისტემის საქმიანობაში, რომ მე, უბრალოდ, წარმოდგენაც კი მიჭირს,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, ევროპული საქართველოს ინიციატივის მიღმა პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს და ამბობს, რომ ის სამართლებრივ ნორმებს მოკლებულია.

„ერთადერთი შემადგენელი ამ ინიციატივის არის პოლიტიკური კონტექსტი. ეს ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და აცდენილი. "არაჯეროვნად შესრულებად" განმარტო ის, რომ წევრმა ამა თუ იმ საკითხის განხილვისას მხარი დაუჭირა ან არ დაუჭირა საკითხის მიღებას, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და გაუმართლებელი საქციელი. ეს ნონსენსია, სხვა კომენტარს ვერ ვაკეთებ ამაზე,“ - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე. 

დღის ამბები