02 მაისი 2024,   23:56
ვრცლად
„პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი იყო დაზიანებული,“ - კახა კალაძემ მეტრო ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთი დაათვალიერა

დედაქალაქის მერი მეტროპოლიტენ  ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე მივიდა, სადაც დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განმარტებით, მეტროპოლიტენში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რომლის დროსაც 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი მთლიანად შეიცვლება.

კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება ივნისის თვეში დაიწყება, მანამდე კი, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.

„მგზავრების უსაფრთხოებისთვის გაჩერდა ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა. პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი იყო დაზიანებული. ახლა, ამ წუთში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზოგადად, ეს არის პრობლემა, თქვენ წარმოიდგინეთ, 66 წელს დაიწყო მეტრომ ფუნქციონირება, შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში სხვა და სხვა სადგურები ემატებოდა და მას შემდეგ ეს ძალოვანი კაბელი არ შეცვლილა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მეც მთავრობის წინ ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიანად 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელის მთლიანი რეაბილიტაცია, ანუ აღდგენა გვაქვს დაგეგმილი. აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, 17 მილიონი დოლარი გამოყოფილია, ტენდერი ჩატარებულია, გვყავს უკვე კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს,“- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დღის ბოლოს მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენზე დაზიანების შედეგად აალება მოხდა, რის გამოც მეტროპოლიტენი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. გამოცხადდა მგზავრთა ევაკუაცია.

დღის ამბები