01 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
"ღვინის ქარხანა N1"-ის მფლობელები არჩილ კბილაშვილს და ვანო ჩხარტიშვილს ბიზნესის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ

არჩილ კბილაშვილს და ვანო ჩხარტიშვილს ბიზნესის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ. თბილისის უძველესი, პირველი ღვინის ქარხნის მფლობელები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი და ბიზნესმენი, სასამართლოზე ზეწოლას ახდენენ.

ინვესტორი, რომელმაც ბანკისგან, გაპარტახებული "ღვინის ქარხანა N1" შვიდ მილიონად იყიდა, ახლა შესაძლოა, ქონების გარეშე დარჩეს.

ხმაურიანი ისტორია 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.

ინვესტორები, რომლებმაც ტერიტორია ბანკისგან შეიძინეს ამტკიცებენ, რომ ქალაქის ცენტრში ქარხნის ხელში ჩაგდება ხელისუფლებასთან ახლო კავშირში მყოფ პირებს უნდათ.

"ღვინის ქარხანა N1" მფლობელებმა ორი ინსტანციის დავა მოიგეს, მაგრამ როდესაც საქმე უზენაეს სასამართლოზე მიდგა, აღნიშნულმა ინსტანციამ პრეცედენტული დავის განხილვაზე უარი თქვა და საქმე სააპელაციო სასამრთლოში დააბრუნა, სადაც პროცესები თვეები იჭიმება.

ქარხნის მოქმედ მფლობელებს ეჭვი აქვთ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი საკუთარ გავლენებს იყენებს და ცდილობს ბანკიდან ნაყიდი ქარხანა ძველ მფლობელებს დაუბრუნოს.

მთავარ პროკურორობამდე არჩილ კბილაშვილი ბიზნესმენი გიორგი მგალობლიშვილის ინტერსებს იცავდა, რომელსაც ღვინის ქარხნის ძველი აქციონერები ქონების თაღლითური გზით დაუფლებაში ადანაშაულებდნენ, მგალობლიშვილი მაშინ სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ახლა ის აქციონერების ადვოკატია, ანუ დღეს იცავს იმ ადამიანების ინტერესებს, ვის წინააღმდეგაც წლების წინ პროცესებზე გამოდიოდა.

საკითხით „კურიერის“ დაინტერესების შემდეგ, მხარეებს სასამართლოდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ დასკვნითი სხდომა დაახლოებით 2 თვეში, ივნისში გაიმართება.

"ღვინის ქარხანა N1"-ის მოქმედი მფლობელები ამბობენ, რომ ჩხარტიშვილი ყოფილი მფლობელს მგალობლიშვილის მოკავშირეა, რომლის ინტერესებსაც წლების წინ და ახლაც არჩილ კბილაშვილი იცავდა. ჩხარტიშვილი მგალობლიშვილთან ნაცნობობას, რომელიც ქვეყნიდან გაქცეულია და ლონდონში ცხოვრობს უარყოფს.

დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია. დალუქულია ღვინის უნიკალური საცავიც, სადაც უძველესი ღვინოების უნიკალური კოლექცია ინახება.

დღის ამბები