02 მაისი 2024,   20:20
ვრცლად
"დაასწრო მისმა მოწვევამ ქართული მხარის მოწვევას" - ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტთან ოფიციალური ვახშმზე საუბრობს

ოფიციალური ვახშამი, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტის პატივსაცემად - შეხვედრა დღეს მმართველი გუნდის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირების ადგილად იქცა.

შეხვედრაზე, ევროსაბჭოს დელეგაციიდან გარიცხული ეკა ბესელია გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ ვახშამზე, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიწვევით მივიდა და მასთან სწორედ დელეგაციიდან მისი და ზვიად კვაჭანტირაძის გარიცხვის შესახებ უნდა ისაუბროს.

„მე ვარ განსაკუთრებთ მადლიერი, იმიტომ რომ სხვათა შორის, მისი მიწვევა მივიღე პირველი და დაასწრო მისმა მოწვევამ ქართული მხარის მოწვევას. ესეც ნიშანდობლივი იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმ მხარდაჭერის, რაც იმ წერილში მივიღე მეც და ასევე და ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა და ხაზგასმით თქვა, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემისთვის და ამ ფასეულობების დაცვისთვის ის, რომ საქართველო თავს იწონებდეს სწორედ ამ ფასეულობების დაცვით და ასე არ უნდა ექცეოდე შენი დელეგაციის წევრს, რომ ერთის მხრივ ეუბნები ასამბლეას, რომ ჩვენ ვიცავთ ამ წესებს და მეორეს მხრივ, ხელს უშლი შენივე დელეგაციის წევრებს და დეპუტატებს, რომ მისი უფლებამოსილება განახორციელონ. ასე რომ სიმბოლურია ეს ფაქტი,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

ყოფილი თანაგუნდელის ეს განცხადება, პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის ირონიის მიზეზი გახდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილისთვის ვახშმის მიმართ გამოწვეული ინტერესი გაურკვეველია. 

„ეს გაზრდილი ინტერესი ვახშმის მიმართ ცოტა მაკვირვებს და ესეთი ოფიციალური ვახშმები არის ყველა სტუმართან თითქმის და ამან რატომ გამოიწვა ამხელა ინტერესი არ ვიცი. რაც შეეხება მოწვეული პირების სიას, ყველა პირი არის ჩემი გადაწყვეტილი და ჩემი მოწვევით, იმიტომ რომ ეს ვახშამი იყო ჩემთან, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელთან და შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება ვინ დაესწრებოდა და ვინ იქნებოდა ამ შემადგენლობაში,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კი თბილისში, ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

ლილიან მორი პასკი, დღეს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა, ხვალ კი სესიაზე ის დეპუტატებს სიტყვით მიმართავს.

 

 

 

 

დღის ამბები