02 მაისი 2024,   07:07
ვრცლად
"ანტისახელმწიფოებრივი," "ქვეყნისთვის დამაზიანებელი" - ოპოზიცია გენშტაბის უფროსის განცხადებას აფასებს

ვის ებრძოდა ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებში 30 წლის წინ? ქვეყნისთვის დამაზიანებლად და ისტორიის არასწორ ინტერპრეტირებად მიიჩნევენ პოლიტიკოსები 90-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტების შიდა სამოქალაქო ომად მოხსენიებას. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციის ნაწილი ანტისახელმწიფოებრივადაც მოიხსენიებს და ხელისუფლებას მოუწოდებს ამ საკითხზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

"იმედია ეს იყო მხოლოდ ლინგვისტური შეცდომა, მისი და არა მისი აზრობრივი, თუ აზრს ჩავუღრმავდებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბრძოლა ცხინვალსა და აფხაზეთის მიმართულებით ყოფილა ჩვენს საკუთარ თავთან ადა არა გარეშე მტერთან, რუსეთთან  და ეს იმას ნიშნავს რომ თავდაცვის სამინისტროდან მოდის ეს თუ გენშტაბშია რის ასეთი მოსაზრებები, კარგად ვერ გვაქვს გაცნობიერებული თუ რა საფრთხეების წინაშე ვდგევართ. ბუნებრივია სამხედროების გამოყენება თუ ხდება იმისათვის რომ ივანიშვილის კოჭის გაგორების პოლიტიკა გააჟღერებინოს სამხედროებს, ეს ძალიან სახიფათო თამაშია და ძალიან სამწუხაროა თუ თავდაცვის სამინისტრომ და ივანიშვილის რეჟიმმა, ამ ამბავში ჩართო ჩვენი სამხედროებიც უმაღლეს დონეზე,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია ბარამიძე.

"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ ჩაჩიაბაიას განცხადება ქვეყნისთვის საზიანოა და ის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ არის მიმართული.

"ესეთი თანამდებობის პირისგან, ასეთი განცხადებების მოსმენა არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი, იმიტომ რომ იყო კონფლიქტი ცხინვალში, ეს იყო კონფლიქტი აფხაზეთშიც და ეს იყო 2008 წლის რუსეთის აგრესიაც, ასე რომ საუბარი იმაზე რომ კონფლიქტები 90-იან წლებში იყო შიდა კონფლიქტები ეთნიკური კონფლიქტები და სამოქალქო ომები, არის ისტორიის არასწორი გადაწერა და პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის ინტერესებს,"-აცხადებს სერგი კაპანაძე. 

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ "საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში" დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჩაჩიბაიამ გუშინ საკუთარ გამოსვლაში პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რაც მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება.

"ეს მე ვიტყოდი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაც კია. მე მგონია რომ საერთოდ ეს პოლიტიკური საკითხია და ასეთი გენერლები საერთოდ ასეთ პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, ეს მათი შესაფასებელი საერთოდ არ არის, ის უნდა ასრულებდეს თავის სამხედრო ფუნქციებს მაგრამ როდესაც თავს უფლებას აძლევს ესეთი განცხადებები აკეთოს, მითუმეტეს ის, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული,"-აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან 3 სამოქალაქო და 1 რუსეთისგან ფართომასშტაბური აგრესია.

დღის ამბები