26 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
ჩვენს დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - ”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" შესაბამის უწყებებს დროულ რეაგირებას სთხოვს

"განვითარების და დემოკრატიის ცენტრი" შუალედურ არჩევნებს სადამკვირვებლო მისიით აკვირდება.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, დარღვევებთან ერთად იყო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტიც. უცნობი მამაკაცი, რომელსაც ერთდროულად დამკვირვებლისა და პოლიტიკური სუბიექტის სტატუსი ჰქონდა, ფიზიკურად სწორედ მათ წარმომადგენელს დაუპირისპირდა.

შემთხვევა მარნეულის 68-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, მსგავს ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ. ორგანიზაციაში მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ.

„ჩვენი დამკვირვებლის მიერ იქნა აღნიშნული რამდენიმე დარღვევა, მაგალითად მარკირების არასათანადოდ შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პირადობის მოწმობის გარეშე იყო მცდელობა ამომრჩეველს ხმა მიეცა, საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება არაუფლებამოსილი პირების ყოფნა, რაც გაუგებრობას იწვევს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დამკვირვებელს შეექმნა პრობლემები და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა შესაბამის ორგანოებს, მათ შორის შს სამინისტროს, პროკურატურას, საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ მსგავსი ქმედებები მაქსიმალურად დროულად იქნას აღმოფხვრილი,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.

დღის ამბები