26 ივნისი 2019,   09:06
ვრცლად
"თუ მეორე ტური იქნება, მე შევდივარ მეორე ტურში, რადგან ახლა ბრძოლას აზრი აქვს" - სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსი დარწმუნებულია, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ არჩევნების გაყალბების ხარჯზე ცესკომ მეორე ტური გამოაცხადოს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ის მზად არის, არჩევნების მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა, რადგან, მისი აზრით, ქვეყანა საბჭოთა კავშირს დაემსგავსა და ამბობს, რომ ახლა ბრძოლას აზრი აქვს.

„რა მონაცემებსაც საოლქო კომისია გვაძლევს, ზოგი მე მოვიგე, ზოგი იმან მოიგო. სოფლებში უკეთესი პოზიციები გვაქვს, ვიდრე ქალაქში.  თუ მეორე ტურია საჭირო მათი მონაცემებით, მე შევდივარ მეორე ტურში, მაგრამ თუ ისინი გამოაცხადებენ გეგა შენგელიას პირველ ტურში გამარჯვებულად, ეს შედეგი იქნება ჩემთვის მიუღებელი,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ გამოაცხადებენ გამარჯვებულად და არ განმეორდება 2016 წლის არჩევნები, როცა მას პირველ ტურში გამარჯვება წაართვეს.  

სანდრა რულოვსის თქმით, მაშინ არ შევიდა ხელისუფლებასთან ომში, რადგან ამომრჩეველზე უფრო დიდი ზეწოლა იყო. მისი თქმით, ახლა რეალობა სხვაგვარია.

„ბრძოლას აქვს აზრი, ახლა ბევრად ძლიერად ვგრძნობ თავს, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა ძალიან მალე აღარ იარსებებს - ან გადაეცემა ოლიგარქის მიერ რუსეთს, ან გაიყიდება. როგორც ჩანს, ივანიშვილი არ მიდის არსად არჩევნების გზით. თუ ისინი იტყვიან, რომ გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მე გამოვალ ინიციტივით, რომ აქ უკვე ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი იმიტომ, რომ არჩევნების რწმენა აღარავის აქვს. მე მზად ვარ, ივანიშვილის წინააღმდეგ ავიღო ხელში იარაღი და ეს იარაღი არის ხალხის ძალა. ყველა ქალაქს გავივლი ფეხით და ვინც შემომიერთდება, განსაკუთრებით ახალგაზრდები... დაველოდოთ მათ შედეგებს, მაგრამ მზად ვარ, ბოლომდე მივიდე. მინდა, ამ ხალხს მომავალი ვაჩუქო,“ - ამბობს სანდრა რულოვსი.

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ის ამ ქვეყანას "ოლიგარქ ივანიშვილს" არ აჩუქებს. 

დღის ამბები