26 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
არჩევნები, როგორც ადამიანის თავისუფალ ნების დამაფიქსირებელი ინსტრუმენტი, აღარ არის - ხატია დეკანოიძე

შუალედური არჩევნების შედეგები - გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავება ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდება. ხელისუფლების ოპონენტები ახალი კამპანიის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, 19-მა მაისმა დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნების გზით საკუთარი ნების დაფიქსირება უკვე შეუძლებელია და საჭიროა ალტერნატიული საშუალებები გამოინახოს.

ოპოზიცია იმ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კამპანიაა დასაწყები, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ის ძალიან დიდი საფრთხე, რომელიც ემუქრება ჩვენს ქვეყანა. რომ ეს არის პოლიციური ქვეყანა, რომ სამართალდამცავი სისტემა გადაიქცა ოლიგარქის ხელში ინსტრუმენტად, რომ არჩევნები, როგორც ადამიანის თავისუფალ ნების დამაფიქსირებელი ინსტრუმენტი აღარ არის და ეს ჩვენი უფლება აღარ არის, ჩვენ აღარ გვაქვს თავისუფალი არჩევანი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში რეალობა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი სტრატეგია, ახალი ამოცანა, როგორ შევცვალოთ არსებული რეალობა, მაშინ როცა არჩევნები პრაქტიკულად გაუქმებულია. იქნება ეს საპროტესტო აქციები, იქნება ეს დიდ გაერთიანებაზე საუბარი, ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს პოლიტიკურ ინსტრუმენტებში,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

განცხადება შუალედური არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

„ჩვენ გვმართებს დაფიქრება, სანამ ემოციურ ფონზე განვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საზოგადოების წინაშე, ეს ყველაფერი ჯერ უნდა გახდეს მსჯელობის საგანი გუნდის შიგნით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

დღის ამბები