17 ივნისი 2019,   16:01
ვრცლად
6-თვიანი შიდა პარტიული დაპირისპირებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ტერეზა მეიმ თანამდებობა დატოვა

სამწლიანი პრემიერობა ტერეზა მეიმ ემოციურად დაასრულა. 6-თვიანი შიდა პარტიული დაპირისპირებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ის დღეს რეზიდენციის წინ საგანგებო მიმართვით გამოვიდა.

ტერეზა მეიმ აღიარა, რომ როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა, მისია და მთავარი დაპირება, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას გულისხმობდა, ვერ შეასრულა.

ტერეზა მეი თანამდებობაზე 7 ივნისამდე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი მასპინძელი იქნება. დონალდ ტრამპი ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით სწორედ ივნისის დასაწყისში ჩადის.

უკვე ცნობილია იმ კანდიდატთა სია, ვინც კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობის დასაკავებლად ემზადება. მათ შორის არიან კაბინეტის მოქმედი და ყოფილი წევრები. გამარჯვების ყველაზე დიდ შანსს, ბრექსიტის მომხრე ბორის ჯონსონს უწინასწარმეტყველებენ, რომელმაც დღეს ტერეზა მეის ემოციურ გამოსვლას ღირსეული უწოდა.

ტერეზა მეის მსგავსად მის პოტენციურ შემცვლელებსაც პარტიის შიგნით ანალოგიური ზეწოლა ელოდებათ. გავრცელებული ცნობით, კონსერვატორები ბრექსიტის მიმართ პოზიციების გამკაცრებას აპირებენ, ეს კი ევროკავშირთან დაპირისპირებას გარდაუვალს გახდის.

ოპოზიციის გარდა ტერეზა მეის მიერ მომზადებული გარიგება, სადაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებია განსაზღვრული, მისი პარტიის ნაწილისთვისაც მიუღებელი იყო. პარლამენტში დოკუმენტი სამჯერ გაიტანეს კენჭისყრაზე, მაგრამ სამივე ჯერზე ჩავარდა.

ტერეზა მეის დღევანდელ განცხადებას ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ბრიუსელში. ევროკავშირის ლიდერები პირობას დებენ, რომ ბრიტანეთთან და მის მომავალ პრემიერთან ძველებურად თანამშრომლებენ, თუმცა მანამდე არჩევანი კონსერვატორებმა უნდა გააკეთონ.

ივნისის ბოლოს ბრიტანეთს ახალი პრემიერი ეყოლება, რომელსაც ტერეზა მეის მიერ დაწყებული რთული მისიის შესასრულებლად ვადა 31 ოქტომბრამდე აქვს. ამ დღეს ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს.

დღის ამბები