04 მაისი 2024,   01:37
ვრცლად
განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას - პატრიარქი 

დავით გარეჯში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.

ილია მეორე მოუწოდებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად.

პატრიარქი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა მესამე ძალას სურს და ამის დასაყრდენს ორივე ქვეყანაში პოულობს. ილია მეორის აზრით, მოლაპარაკებების პარალელურად მკვეთრი განცხადებები და ქმედებები, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის,  დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში. მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.”- წერია განცხადებაში.

დღის ამბები