10 მაისი 2024,   10:31
ვრცლად
"ლარის გაუფასურება დაკავშირებულია არაფორმალური მმართველის მიერ გატარებული მავნე ეკონომიკურ პოლიტიკაზე" - სერგი კაპანაძე

ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრი, სერგი კაპანაძე, ეროვნული ვალუტის ვარდნას პირდაპირ ხელისუფლების ქმედებებს უკავშირებს.

სერგი კაპანაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია, ინვესტიციების რაოდენობა ქვეყანაში იკლებს, ლარის კურსის გაუფასურება გასაკვირი არ უნდა იყოს.

„ტენდენცია, რაც არის ბოლო წლების განმავლობაში და ბოლო თვეების განმავლობაში - ლარის გაუფასურება პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის და მისი გუნდის მიერ გატარებულ აბსოლუტურად მავნე ეკონომიკური პოლიტიკის შედეგზე. ის, რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება, რაც იწვევს ფასების გაძვირებას, რაც იწვევს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების შემცირებას, რაც იწვევს, მათ შორის, ფულადი გადარიცხვების შემოდინების შემცირებას. ეს ყველაფერი ჯამში ახდენს გავლენას იმ ნეგატიური ტენდენციაზე, რის ბუნებრივი შედეგიც არის ლარის გაუფასურება. ამიტომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მისი ეკონომიკური გუნდი და პირველ რიგში, არაფორმალური მმართველი, ბატონი ივანიშვილი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ლარმა გაუფასურების 24-წლიანი რეკორდი მოხსნა და არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.

დღის ამბები