14 დეკემბერი 2019,   15:21
ვრცლად
როცა ადამიანში არის სამართლიანობის ასეთი განცდა, უანგარობა, ჩემთვის ყველაფერი ნათქვამია - არმაზ ახვლედიანი შავგულიძის შესახებ 

როცა ადამიანში არის სამართლიანობის ასეთი განცდა, წესიერების ასეთი ხარისხი და უანგარობა, ჩემთვის ყველაფერი ნათქვამია - ეს განცხადება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, არმაზ ახვლედიანმა გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ხელისუფლებას შალვა შავგულიძის გამარჯვება არ აწყობს, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს ლაპარაკობს. ხელისუფლებას კი, როგორც ახვლედიანი აცხადებს, მსგავსი ადამიანები პარლამენტში არ სჭირდება.

„საქართველოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტში რომ ირჩევდეს დეპუტატს საქართველო და 5 რომ იყოს ასარჩევი ან სამი და შალვა შავგულიძისნაირმა რომ თანხმობა განაცხადოს ამ არჩევნებში მონაწილეობაზე, მე მას დავუჭერდი მხარს. იმიტომ, რომ როცა ადამიანში არის სამართლიანობის ასეთი განცდა, წესიერების ასეთი ხარისხი და უანგარობა, ჩემთვის ყველაფერი ნათქვამია. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას და უმცირესობასაც უნდა უხაროდეს, რომ შესაძლოა, მათ გვერდში, იქ აღმოჩნდეს ასეთი პოლიტიკოსი და ასეთი მოქალაქე. მაგრამ, ვაი, რომ ჩვენ ხშირად ამის გაცნობიერება არ შეგვიძლია. ჩვენ გვჭირდება ჩვენიანები, ჩვენნაირები,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ მისთვის შალვა შავგულიძის მხარდაჭერა არა მხოლოდ მისი პიროვნების მხარდაჭერა, არამედ დემოკრატიული არჩევანის მხარდაჭერის ტოლფასია.

„ქართულ ოცნებაში" უმრავლესობა გადაწყვეტილების მიმღებნი, მთავარი ეშელონი არის მომართული მხოლოდ ერთ რამეზე, აამოს კერპს, ივანიშვილს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, გადათელოს ყველა რეალური პოლიტიკური ოპონენტი, არ დაუშვას არსად განსხვავებული აზრი არც მედიაში, არც სასამართლოში, არც არასამთავრობო სივრცეში, არც ბიზნესში, არსად. შეიძლება ასეთ ხელისუფლებას აწყობდეს შავგულიძის გამარჯვება?“ - აცხადებს ახვლედიანი.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ საღი აზრი თუკი ვინმეს აქვს, უნდა ხვდებოდეს, რომ შალვა შავგულიძის გამარჯვება მთაწმინდაზე თავად „ოცნებისთვის“ არის კარგი. მისი თქმით, „ეს ნიშნავს მშვიდობიანი გადაბარების პროცესის დაწყებას“.

ამავე თემაზე
დღის ამბები