02 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
ანაკლიის პროექტის განვითარებას არანაირი წინაღობა არ ექნება - თურნავა განმარტებებს აკეთებს

ანაკლიის პროექტის განვითარებას არანაირი წინაღობა არ ექნება - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. მისი თქმით, სხვა ალტერნატიული საპორტო განვითარება მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტის კონტექსტში შეიძლება განიხილებოდეს.

მისი თქმით, ამ საკითხზე ბევრი სპეკულაცია ხდება, თუმცა მინისტრი დეპუტატების კითხვების პასუხად ამბობს, რომ ფოთში არანაირი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და დოკუმენტი, რომელმაც სკანდალი გამოიწვია  მხოლოდ მიწათსარგებლობის შესახებ ნებართვას წარმოადგენდა.

„სულ მცირე მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში მშენებლობა რომ დაიწყო. საუბარი იყო მხოლოდ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე, რომელიც როგორც კი გახდა ჩემთვის ცნობილი, ტექნიკური დარღვევის გამო ეს დოკუმენტი გაუქმებულია. სახელმწიფო მოხელე, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, თუნდაც უმნიშვნელო დოკუმენტთან დაკავშირებით არ ჩამაყენა საქმის კურსში აღარ არის თანამდებობაზე. არანაირი წინაპირობა ანაკლიის პორტის განვითარებას არ ექმნება,“-განაცხადა თურნავამ პარლამენტში საუბრისას.  

მისი განცხადებით, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის”.

მისი განცხადებით, არც ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფოსა ასეთი მხარდაჭერა.

„მე არ დავიღლები და კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იმ მხარდაჭერის ელემენტებს, რასაც ჩვენ ანაკლიის პროექტს და მის კერძო ინვესტორს ვთავაზობთ. ესაა 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც კომპანია მიიღებს, როდესაც თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს ინვესტორი, ესაა 300 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ეს არაა მხოლოდ დაპირება, ეს კონკრეტული ვალდებულებაა. 

„ეს არის იგივე მოქნილი ვადები, თქვენ ალბათ კარგად მოგეხსენებათ, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, რომ პირველი ვადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სამუშაოების დაწყების და ფინანსური დახურვის მიღწევის, ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო, იმის შემდეგ სახელმწიფომ რამოდენიმეჯერ გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა ამ ვადის გადავადება და შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ ვიხილავთ ფინანსების მოზიდვის საკითხებს.

„სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო ვადების დარღვევის გამო. მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შედგეს. რადგან ეს არაა მხოლოდ კომერციული პროექტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. ჩვენ დღეს გარკვეული კატეგორიის ტვირთებს ვკარგავთ, რომელიც ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში გაივლიდა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი დროულად ამოქმედდეს და ეს ღრმაწყლოვანი პორტი შეძლებდეს ოპერირებას და ტვირთების მიღებას,“-განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა დეპუტატების კითხვებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე პასუხობს. 

დღის ამბები