02 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
„რემენა" გაგიგიათ, ქალბატონო ნათია? - ამაზეც არ მცემთ პასუხს?" - ბოკერიას მიერ თურნავასთვის დასმულ კითხვას ხმაური მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ეკონომიკის მინისტრის მოსმენა კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციის პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ მათი თქმით, ნათია თურნავა ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვის შესახებ დასმულ კითხვებს თავს არიდებდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მინისტრს ჰკითხა, ადევნებდა თუ არა ის თვალს ტელევიზიით ჭიათურის მაღაროში დაწყებულ გაფიცვას. ამ კითხვაზე მინისტრმა გიგა ბოკერიას არ უპასუხა.

ამის შემდეგ ბოკერიამ ნათია თურნავას ჰკითხა, სმენია თუ არა „რემენას“ შესახებ.

„რემენა" გაგიგიათ, ქალბატონო ნათია?-ამაზეც არ მცემთ პასუხს? თქვენ გინდათ ქალბატონო ნათია, რომ მერე პასუხები არ გამცეთ. გაგიგიათ თუ არა „რემენა“? თუ არ გაგიგიათ მიპასუხეთ,“- მიმართა ბოკერიამ.

ბოკერიას კითხვა მმართველი გუნდის წევრმა გიგა ბუკიამ გააწყვეტინა და უთხრა, რომ ნათია თურნავა დაკითხვაზე არ იმყოფება.

„უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე კი არ ხარ, დაკითხვაზე თქვენ რომ არ ხართ მიწვეული ისაა პრობლემა,“-მიმართა ბუკიამ ბოკერიას.

რაზეც ბოკერიამ მას უპასუხა, რომ დაკითხვაზე არაერთხელ არის ნამყოფი, ისევ მივა.

„შენ რომ მოხვდები დაკითხვაზე ვნახოთ იქ როგორ გაუძლებ, ახლა შენობით მოგმართავ, რადგან ბედავ და მაწყვეტინებ, ვინ მოგცათ უფლება ვაკხანალიის მოწყობის. ბიჭოთი ელაპარაკე თანაფრაქციელებს, “-მიმართა ბოკერიამ ბუკიას.

ამის შემდეგ ბოკერიამ მინისტრს უთხრა, რომ ტელევიზიითაც კარგად ჩანდა, როგორ გაჰყავდა კრიმინალურ ავტორიტეტს გაფიცული თანამშრომლები აქციიდან.

„თქვენ ეს პრობლემად მიგაჩნიათ? ისევ არ გაქვთ პასუხის?  დაგეხმაროთ ვინ არის ეს ხალხი? ვარსკვლავი რომ გყავთ გახარია, თურმე ხალხი არ თანამშრომლობს და თურმე ქურდული გაგება პრობლემა არისო მერე კონკრეტული ვითარება რომ დგება და ტელევიზიით რომ ვუყურებთ ამას, მერე მინისტრი რომ მოდის პასუხის გაცემაც არ უნდა,“-განაცხადა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ნათია თურნავას ასევე ჰკითხა „მმ ლოჯისტიკის“ შესახებ.

მისი თქმით, ამ კომპანიის წარმომადგენლები „რიჟასთან“ არიან კავშირში, კომპანიის ხელმძღვანელი ნებიერიძე კი „ქართული ოცნების“ შემომწირეველია.

„ხომ არ გგონიათ, რომ მათ შორის ეს პრობლემა გამოიწვია იმან, რომ ასეთი ტიპის კვაზიკორუფციული სქემა არსებობს, რომლითაც მმართველი პარტია ამ კომპანიისგან პარსავს ფულს. გთხოვთ, ამაზე კონკრეტული პასუხი გამცეთ“ -მიმართა თურნავას კაპანაძემ.

თურნავამ კაპანაძის განცხადებას აბსურდული უწოდა და კითხვას ნაცნობი იყო თუ არა მისთვის სერგი კაპანაძის სქემა, რომელზეც სერგი კაპანაძემ ისაუბრა არ უპასუხა.

დღის ამბები