04 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
შურისძიება 30 წლის წინ მოკლული ბიძის გამო - კასპში სასტიკი მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ადგილობრივები საუბრობენ

სისხლიანი დაპირისპირება კასპში - სოფელ ხიდისყურში 65 წლის კაცის მკვლელობასა და ქალის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. ბრალდებული სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად მკვლელობის ადგილას მიიყვანეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს თავში სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შურისძიებაა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულმა შახარ ჯემალ ოღლიმ დაახლოებით 30 წლის უკან ნაზმირ კულბანოვის ბიძა მოკლა. რის შემდეგაც ის 10 წელი სასჯელს იხდიდა.  

თუმცა, მეზობლებს უჭირთ ახსნა, რატომ იძია შური ნაზმირ კულბანოვმა ამდენი წლის შემდეგ. მკვლელობა კასპის სოფელ ხიდისყურში გუშინ მოხდა.

ნაზმირ კულბანოვმა ცეცხლსასროლი იარაღით შახარ ჯემალ ოღლი მისსავე სახლის ეზოში მოკლა, მისი მეუღლე კი მძიმედ დაჭრა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ კულბანოვი პოლიციაში თავად გამოცხადდა. დაახლოებით ერთი საათის წინ კულბანოვი სამართალდამცველებმა მკვლელობის ადგილზე მიიყვანეს, რათა საგამოძიებო ექსპერიმენტში მიეღო მონაწილეობა. 

ნაზმირ კულბანოვის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20-წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ელის.  

ამავე თემაზე
დღის ამბები