04 მაისი 2024,   12:44
ვრცლად
იური სუსლიაკს პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს, რომ იულია სუსლიაკს დანაშაული ეღიარებინა - ადვოკატი  

მას გენერალური პროკურატურიდან დაუკავშირდა კონკრეტული პირი და მოითხოვა მისგან, რომ იულია სუსლიაკს ეღიარებინა დანაშაული - ეს განცხადება იულია სუსლიაკის ადვოკატმა გააკეთა.

უფლებადამცველი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებიდან იულია სუსლიაკის ქმარს, იური სუსლიაკს დაუკავშირდნენ და კონკრეტული მოთხოვნა წაუყენეს. 

გარდა ამისა, ადვოკატი არასრულწლოვნებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ყვება. მისი თქმით, ბავშვებს პოლიციელები ეუბნებოდნენ, ეთქვათ, რომ სუსლიაკი არ არის მათი დედა და მათ გაყიდვას აპირებდა.  

„ზეწოლა არის უშუალოდ იური სუსლიაკის მიმართ განხორციელებული, როდესაც რამდენიმე დღის წინ, მას გენერალური პროკურატურიდან დაუკავშირდა კონკრეტული პირი და მოითხოვა მისგან, რომ იულია სუსლიაკს ეღიარებინა დანაშაული და საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო მასთან. ეს იყო პირველი მოქმედება. თუ ამას გააკეთებდა, მაშინ გაგრძელდებოდა გამოძიება და გაგრძელდებოდა პატიმრობა, რაც უკვე მოხდა. ფაქტობრივად, შესრულდა ის, რასაც დაპირდნენ. შემდეგ, მეორე ზეწოლასთან დაკავშირებით, უფროსი ქალიშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება დღეს სხვა თავის და-ძმებთან ერთად, ფსიქოლოგიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ეს ბავშვი ცალსახად და კონკრეტულად ასახელებს რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მუდმივად აწუხებდნენ და ეუბნებოდნენ, თქვი, რომ შენი დედა არ არის იულია სუსლიაკი. დედაშენი, იულია სუსლიაკი არ არის, მან თქვენ გიყიდათ და გასაყიდად იყავით გამზადებული," - განაცხადა ადვოკატმა. 

პროკურორი მარიამ გოგორელიანი,ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოს და ამბობს, რომ იური სუსლიაკს პროკურატურიდან არავინ დაკავშირებია. პროკურორი არასრულწლოვნებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც უარყოფს.

„არანაირი სახის შეთავაზებას იური სუსლიაკის ან იური სუსლიაკის მიმართ რაიმე გარიგებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია, არც მათ ადვოკატთან, არც კონკრეტულად ბრალდებულთან, არც მის მეუღლესთან და არც რომელიმე მათი ოჯახის ახლობელთან,“ - აცხადებს მარიამ გოგორელიანი.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში რჩება. ტრეფიკინგის და შვილების გაყიდვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი სასამართლომ გისოსებს მიღმა დატოვა.

 

დღის ამბები