01 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
ქუთაისის მერი ტყუილებით ცდილობს თავისი უუნარობისა და დანაშაულის გადაფარვას - ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, მერს სიცრუეში ადანაშაულებს. გიგა შუშანია ამბობს, რომ გიორგი ჭიღვარიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელ კომპანიას ხელშეკრულებას უწყვეტს. დეპუტატის განმარტებით, მერიამ კომპანიას ვადაც გაუგრძელა და თანხაც დაუმატა.

„ქუთაისის მერი არ არღვევს თავის  ტრადიციას და ტყუილებით ცდილობს თავისი უუნარობისა და  დანაშაულის გადაფარვას. ეს ქუჩა უნდა დასრულებულიყო 18 ივნისს, მაგრამ ქალაქ ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით 7 აგვისტომდე გაუგრძელდა ამ კომპანიას სამუშაოების ვადა და უფრო მეტიც, ქალაქ ქუთაისის მერმა გადაწყვიტა, რომ თურმე აქ დამატებითი სამუშაოები ყოფილა   ჩასატარებელი, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ არის დასრულებული წესიერად და შუა გზაშია ეს ქუჩა მიტოვებული და 86 000 ლარით გაუზარდა ხელშეკრულება,“- განაცხადა შუშანიამ.

აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით განმარტება ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამაც გააკეთა. ჭიღვარია ამბობს, რომ პრობლემა ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეო სერვისისათვის" ანგარიშების დაყადაღებამ გამოიწვია.

„აღმოჩნდა, რომ „ჯეო სერვისმა“  აღარ ჩაურიცხა თანხა ქვეკონტრაქტორს და ამის გამო შეწყდა სამუშაოები. ჩვენ ჩვენის მხრივ, დავიწყეთ უკვე მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, ყოველდღიურ ჯარიმაზე დავსვით შპს „ჯეო სერვისი.“ ასევე, ველოდებით მათ კვირის ბოლომდე და დავიწყეთ მუშაობა ასევე ხელშეკრულების გაწყვეტაზე. საბოლოო ჯამში 140 000 ლარამდე მოუწევთ მათ დაჯარიმება,“- განაცხადა ჭიღვარიამ.

 

 

 

 

დღის ამბები