01 აპრილი 2020,   20:35
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთში - გარდაცვლილის ცხედარი ხევიდან ამოიყვანეს, დაშავებული მრავლობითი მოტეხილობებით, საავადმყოფოში იმყოფება

უბედური შემთხვევის დროს თუშეთში, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაღუპული 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი, მაშველებმა ხევში გადავარდნილი მანქანიდან უკვე ამოიყვანეს.

გარდაცვლილი ახმეტის მკვიდრია. დაშავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც  თელავის ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, პაციენტს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. მედიკოსის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულს ამ წუთებში სამართალდამცველები კითხავენ. 

ავტომობილში, რომელიც ხევში გადავარდა, საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ისინი თუშეთიდან კახეთის მიმართულებით ბრუნდებოდნენ. უბედური შემთხვევა თუშეთში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. 

მერვე კილომეტრზე მობილიზებული პოლიცია და თუშეთში წამსვლელების გადაადგილება შეზღუდულია, რადგან უამინდობაა და მოძრაობა უსაფრთხო არ არის.

ადგილობრივების თქმით, ტერიტორია, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სახიფათო მონაკვეთია და ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. მათი განცხადებით, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი დრეს. 

სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, მძღოლის მიერ საჭის დამორჩილებასთან არსებული პრობლემა გახდა. 

მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს. იოსებ ქარუმაშვილის თქმით, გზა გაწმენდილი იყო, თუმცა ღამით მოსული ნალექის გამო, პატარა მეწყერი ჩამოწვა. მისი თქმით, მეწყერის მიუხედავად, ავტომობილით გადაადგილება აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელია. 

შემთხვევის ადგილიდან პირველი ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები