14 ოქტომბერი 2019,   11:00
ვრცლად
მმართველ გუნდში ვერ იქნებოდა საუბარი, თუ ვინ იქნება გენერალური პროკურორი - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე უარყოფს არსებულ ინფორმაციას, რომ შალვა თადუმაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კადრი ჩაანაცვლებს.

მდინარაძე ამბობს, რომ შალვა თადუმაძე მხოლოდ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არის რეგისტრირებული და მის დანიშვნაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მდინარაძე ამბობს, რომ წინ რამდენიმე პროცედურაა და ამიტომ მის შემცვლელზე მსჯელობა არარელევანტური საკითხია.

„ჯერ უნდა იყოს თადუმაძე მხარდაჭერილი საბჭოს მიერ, ამის შემდეგ მას უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა და თუ ეს ყველაფერი მოხდება ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ და კითხვაზე პასუხი გავცეთ -ვინ იქნება მთავარი პროკურორი. მანამდე არარელევანტურია ამაზე საუბარია.

შესაბამისად, ვერ იქნებოდა მმართველ გუნდში რაიმე საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი. ჯერჯერობით წინასწარ რამდენიმე სვლის შემდეგ რა მოხდება ამაზე პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭირდება,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.  

არსებული ინფორმაციით, კი უკვე გადაწყვეტილია, რომ მოქმედი გენერალური პროკურორი უზენაესი სასამართლოში ინიშნება.

სავარაუდოდ, შალვა თადუმაძეს ბაკურ აბულაძე შეცვლის, რომელიც ირაკლი შოთაძის პირადი კადრი და პროკურატურის გენერალური ინსპექციის მოქმედი უფროსია. ირაკლი შოთაძე, რომელმაც პოსტი დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული ხმაურიანი პროტესტის ფონზე დატოვა, ახლა არაოფიციალურად, ე. წ. უკანა კარიდან, ისევ პროკურატურაში ბრუნდება.

დღის ამბები