26 აპრილი 2024,   21:13
ვრცლად
მინიმუმ, ირაკლი კობახიძემ უნდა დატოვოს თავმჯდომარის თანამდებობა - გიგა ბოკერია

„აბსოლუტურად უტიფარი განცხადება მოვისმინეთ ივანიშვილის გუნდისგან, ამჯერად კალაძის სახელით, ამ სამარცხვინო ნაბიჯების შემდეგ,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა. 

ბოკერია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ორგანიზატორებმა, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. კალაძემ კომუნისტი, რუსეთის დუმის დეპუტატის გადაწყვეტილებას დღევანდელი ასამბლეის სესია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან წაეყვანა, მიუღებელი უწოდა. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, კი მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება, სამარცხვინოა, რადგან ისინი პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას ცდილობენ. .

„ეს ყველაფერი გრძელდება იმით, რომ ახლა თქვეს, როცა ნახეს განრისხება ქართული საზოგადოების, რომ ბოდიშს ვიხდითო და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აკისრებენ კობახიძესაც კი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაც იყო, ამ სამარცხვინო, სიმბოლურად, მაგრამ სამარცხვინო ბოლო აქტის არ დაშვება. ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის ნათელია, რომ კობახიძეში არ არის მხოლოდ საქმე, ეს ყველაფერი მოდის ივანიშვილისგან და მთელი ამ გუნდისგან, რომლის პოლიტიკური ხედვა და ნაბიჯები არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, საზიანო და სახიფათო,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ირაკლი კობახიძემ თავმჯდომარეობის თანამდებობა უნდა დატოვოს.

"საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ივანიშვილის გუნდის მშვიდობიანი ჩამოცილებით ხელისუფლებისგან, არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, მაგრამ თითოეულ ასეთ ჯერზე, პოლიტიკური ფასი უნდა დავუჯინოთ მაქსიმალური. ახლა პირდაპირი პასუხისმგებელი არის კობახიძე, მინიმუმ, მან უნდა დატოვოს თავმჯდომარის თანამდებობა, თუ არ დატოვა, კიდევ უფრო მეტი ფასი დაუჯდება მათ და საბოლოო ჯამში, წააგებენ იმ არჩევნებს ქართველი ხალხის ნებით," - განაცხადა ბოკერიამ. 

დღის ამბები