26 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
„ეს მოქალაქეები წავლენ და მოვა ჭეშმარიტი მთავრობა“ - გენერალი დევი ჭანკოტაძე აქციაზე მივიდა

„ეს მოქალაქეები წავლენ და მოვა ჭეშმარიტი მთავრობა“ - ამ სიტყვებით გენერალური შტაბის  ყოფილმა უფროსმა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

გენერალ დევი ჭანკოტაძესთან ერთად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ყოფილი სამხედრო პირები, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებიან. აქციაზე ასევე იმყოფებიან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები.

როგორც ყოფილი სამხედროები ამბობენ, მათთვის მიუღებელია საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსთა ვიზიტი. 

აქცია პარლამენტის შენობის წინ უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ სტუდენტებიც. პროტესტის მონაწილეები ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ.  ისინი საქართველოს პარლამენტში დღეს მომხდარ ფაქტს, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ და პასუხისმგებლობას სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აკისრებენ.  

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში რუსი დეპუტატები ჩამოვიდნენ. ისინი დღეს საქართველოს პარლამენტში მივიდნენ, სხდომის წაყვანა კი ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიწყო.

გავრილოვს ოპოზიციამ სხდომის გაგრძელების უფლება აღარ მისცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები