15 ოქტომბერი 2019,   06:46
ვრცლად
გადადგეს გახარია - აქციის მონაწილეები ხვალ შსს-ს მიმართულებით მსვლელობას გამართავენ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ხვალ შსს-თან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ხმა როგორც ჩანს გიორგი გახარიას არ ესმის, ამიტომ ისინი მივლენ შსს-სთან და მოითხოვენ მის გადადგომას. მსვლელობა დღის 2 საათზე დაიწყება შსს-ს მიმართულებით.

აქცია რუსთაველის გამზირზე რადენიმე საათია, მიმდინარეობს. ტრიბუნას ერთმანეთის მონაცვლეობით ცნობილი სახეები და სამოქალაქო აქტივისტები იკავებენ.

„ეს არის თავისუფალი ადამიანების ამბოხი და თავისუფალი ადამიანების სურვილი, რომ იცხოვრონ ცივილიზებულ, დამოუკიდებელ, ევროპულ, განვითარებულ და პროგრესულ საქართველოში. ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა. საზოგადოება ბევრად უფრო წინაა და ხელისუფლება კი სადღაც მიჩანჩალებს უკან. ჩვენ რუს ხალხთან კი არ გვაქვს პრობლემა ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ არ ვართ შოვინისტები და ქსენოფობები. ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ. ჩვენ ვაჟა-ფშაველას ქვეყანა ვართ. სტუმარ-მასპინძლის ქვეყანა ვართ მეგობრებო და ბევრი რუსი მოქალაქე ჩვენი მოკავშირეა პუტინიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა ლაშა ბუღაძემ. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უერთდება ნიკა ქავთარაძეც. ის აცხადებს, რომ ყველა უნდა გათავისუფლდეს, ვინც 20 ივნისს დააკავეს. როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, დაკავებულებს სასამართლო ყოველგვარი განხილვის გარეშე პატიმრობას უსჯის.

„ქართული სასამართლო დღეს არის საბჭოთა კავშირის სახე. სასამართლო არის სამართლისგან დაცლილი. ქართული სასამართლო პირად მტრად აღიქვამს ყველა ადამიანს ვისთვისაც მთავარია თავისუფლება,“ - განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.

დღის ამბები