26 აპრილი 2024,   21:27
ვრცლად
საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული

საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პატიების ლიდერები იმყოფებიან. „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმეში მოწმედ პოლიციელებისა და მათთან დაახლოებული პირების მოყვანა, საქმის შეკერვაზე მიუთითებს.

„ის, რომ პოლიციელები და მათთან დაახლოებული, მიკერძოებული მოწმეები არიან ამ საქმეში მტკიცებულებებად წარმოადგენილი, ეს მე არ მიკვირს, არ მიკვირს იმიტომ, რომ თუ საქმე უნდა შეიკეროს, უნდა შეიკეროს ასე. ასე იკერებოდა საქმეები სულ,“ - განაცხადა სამუშიამ.

სამუშია პარლამენტში 91 დეპუტატის მიერ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება. მისი თქმით, „ოცნების“ დეპუტატებს კითხვები პროკურორისთვის არ გასჩენია.

„გუშინ საღამომდე ნიკა მელიას არ ჰქონდა მოხსნილი იმუნიტეტი, მას შეეძლო ჩვეულებრივად გადაეკვეთა საზღვარი, თუ ის სადმე წასვლას გეგმავდა, ვერავინ ვერ შეაკავებდა, სანამ იმუნიტეტი მოხსნილი არ ჰქონდა... გამოდის, რომ ეს ადამიანი არ აპირებს მიმალვას, ეს მოხსნილია, ეს არის შაბლონური ჩანაწერი პროკურატურის... ვხედავთ ამ ცირკს, რაც ხდება საერთოდ დღეს ქვეყანაში. მთავარი არის, რომ ჩვენ ვიყოთ ყველანი მშვიდად, ხელისუფლებას უნდა ჩვენი წყობიდან გამოყვანა, მაქსიმალური სიმშვიდის ეშინია ივანიშვილს, ეშინია „ქართულ ოცნებას,“ - განცხადა სამუშიამ.

დღის ამბები