02 მაისი 2024,   20:12
ვრცლად
მინდა გთხოვოთ პატიება, რომ ოდესღაც წავედი რუსეთში და ვიმღერე-ანიტა რაჭველი

გახარია წადი!- ამ მოთხოვნით პროტესტი უკვე მე-11 დღეა გრძელდება. საპროტესტო ტალღის მეათე დღე კი თავისუფლების მარშით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, საიდანაც გაახმოვანეს ერთადერთი მოთხოვნა- გადადგეს გახარია.

აქციის მონაწილეების თმით, მათი მოთხოვნა ლეგიტიმურია, რადგან 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავებმა ძალას გადაამეტეს, რაზეც პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს.

მომიტინგეებმა პროტესტი განსხვავებული გზით გამოხატეს და 25 მეტრიანი ბანერი გაშალეს წარწერით - გახარია წადი!

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ცნობილი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველი.

„მე აქ მოსული ვარ, როგორც ერთი რიგითი ქართველი, პატრიოტი ამ ქვეყნის და მე მინდა გთხოვოთ პატიება, თქვენ. ერთმანეთს მინდა ვთხოვო პატიება. მე მინდა გთხოვოთ პატიება, რომ ოდესღაც წავედი რუსეთში და ვიმღერე კონცერტი, პატიება მინდა გთხოვოთ რომ ოდესღაც ვუჭერდი მხარს პარტიას, რომელიც ანგრევდა საქართველოს და აგრძელებს ამის კეთებას,“-განაცხადა ანიტა რაჭველმა.

პროტესტის მეათე დღეს ტრიბუნა პოლიტიკოსებმაც დაიკავეს. სიტყვით გამოვიდა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე, რომელმაც ივანიშვილს მიმართა.

„არავის არ ეშინია შენი ტყვიების ივანიშვილო, არავის არ ეშინია შენი ფულის. 10 დღის წინ როცა თქვენ აქ მთავარ პოლიტიკურ სავარძელზე მტერი და მოღალატე დაგვახვედრეთ, ჩვენ ყველამ ერთად დაგვახვედრეთ ამ ქვეყნის სინდისი და მომავალი-ახალგაზრდობა,“-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა კი გიორგი გახარიას იმ პოსტერზე მიუთითა, რომელიც ადგილზე მომიტინგეებმა მიიტანეს.

„სადაა სამართალი რომ გახარია ორი თვალით იყურება და ჩვენი პატარა მეგობრები დააბრმავეს და ცალი თვალით დატოვეს. ჯანდაბას, იყურე ორი თვალით და შეხედე ამ უზარმაზარ წარწერას. აქ წერია წადი!,“-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მომიტინგეებს სიტყვით მიმართა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, ხელისუფლებას არ ესმის მთავარი რომ ძალაუფლება არის ხალხი.

„იცით რატომ ხართ ყველაზე ღირსეული თანამოქალაქეები, იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლოს სიყვარული ყველას გულისკუნჭულში გვაქვს, ჩვენი სამშობლოს და საქართველოს სიყვარული რომ ჩაგიძვრება გულში იმისი ამოძრომა იქიდან აღარ შეიძლება. ამიტომ, ხართ ღირსეული ხალხი. მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ და პირველ რიგში შუშის სასახლეში გამოკეტილმა გველეშაპმა დიქტატორმა, ვერ გაიგო რომ ჩვენ სკონსტიტუციაში წერია, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს!,“-განაცხადა  ხატია დეკანოიძემ.

„თქვენ ხართ უკვე გამარჯვებულები“-ასე მიმართა ელენე ხოშტარიამ მომიტინგეებს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, პოლიტიკოსებს ათი დღის წინ ეგონათ რომ ისინი განსაზღვრავდნენ ამ ქვეყნის დღის წესრიგს, თუმცა მომიტინგეებმა მათ დაანახეს რომ ამას აკეთებს ხალხი.

„ზუსტად ათი დღის წინ ეს იყო ქვეყანა სადაც გავრილოვი იჯდა ჩვენს პარლამენტში და თქვენ ამას უთხარით  არა, და ვერასდროს ამ ყველაფრის მერე გავრილოვი ვეღარ ითარეშებს ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები