01 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
„ამ დღეებში რუსთაველზე დგას საქართველოს მომავალი“ - ზალიკო უდუმაშვილი

„ამ დღეებში რუსთაველზე დგას საქართველოს მომავალი“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა "კურიერთან" გააკეთა. ის  პარლამენტის შენობის წინ იმყოფება, სადაც საპროტესტო აქცია განახლდა. დღეს პროტესტის მეცამეტე დღეა და შეკრებილებს ისევ უცვლელი მოთხოვნა აქვთ, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

 „ეს არის ჩვენი მომავალი, რომელიც საკუთარი მკერდით გადაეღობა გახარიას ტყვიებს. როგორ არ უნდა ამაყობდე იმ ბავშვებით.... დარწმუნებული ვარ, იმ ახალგაზრდების ძალიან დიდმა ნაწილმა, რომელიც აქ იბრძოდა ეს გამეტებით, შეიძლება ჩემი სახელი და გვარიც არ იციან, პოლიტიკოსების სახელი და გვარები საერთოდ არ იციან, არც აინტერესებთ, იმიტომ, რომ ისინი სხვა სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ მათ უყვართ საქართველო, ხომ დაამტკიცეს, როგორ უყვართ თავიანთი ქვეყანა და როგორ შეუძლიათ მსხვერპლად შეეწირონ საკუთარ ქვეყანას,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, ქვეყანას საამაყო თაობა ეზრდება და ისინი დღის წესრიგს შექმნიან.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათი და ჩვენი მოთხოვნები იდენტური იყო. არც გვიცდია ჩვენ, რომ რაღაც თავზე მოგვეხვია, აბსოლუტურად იდენტური მოთხოვნები ჰქონდათ. ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ამ ახალგაზრდებმა მოითხოვეს პროპორციული არჩევნები იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ, საკუთარ მომავალზე ფიქრობენ და იციან, რომ პროპორციული არჩევნები ამ შემთხვევაში გამოსავალია შექმნილი კრიზისული ვითარებიდან. მე ვარ ამაყი, რომ ჩემს გვერდით მოდის თაობა, რომელსაც შეგიძლია მშვიდად გადააბარო ქვეყანა,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

 

დღის ამბები