04 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
პირობა მოგვცეს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც კელიებია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გადაადგილდებიან - კუპატაძე დავით გარეჯზე საუბრობს

საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილის განმარტებით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ქართული სიწმინდეებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

თემურ კუპატაძის თქმით, როგორც აზერბაიჯანელებმა შეხვედრაზე განმარტეს, მესაზღვრეებმა ხატების დაზიანების დავიდან ასაცილებლად ისინი ბერებს გადასცეს.

„გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან. მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი, თუმცა სიტუაცია მათ შორის ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად დროულად იქნა განმუხტული. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. არის მშვიდი ვითარება.

"მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის, ასევე წვიმის შემთხვევაში და ბრალდებები რომ არ ყოფილიყო მათი მისამართით, რომ ეს მათ დააზიანეს, ამიტომ ამოიტანეს ხატები აღდგომის მონასტერში და გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს,"-ამბობს კუპატაძე.

ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღდგომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კელიები აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საპირფარეშოდ იყენებენ. კუპატაძე ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

"მერწმუნეთ, მსგავსი რამ იქ არ ხდება. ქაღალდებს და ნაგავს, როგორც თვითონ განმარტავენ, იქ ყრიან მომლოცველი ტურისტები, რომლებიც იქ ჩადიან. ეს იყო ძველი დარჩენილი ნაგავი, როცა მათ გადაადგილების საშუალება ჰქონდათ. თვითონვე დაასუფთავეს ეს ადგილები და პირობა მოგვცეს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც კელიებია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გადაადგილდებიან, ამიერიდან ივლიან მხოლოდ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე," - განაცხადა კუპატაძემ.

დღის ამბები