22 აგვისტო 2019,   23:28
ვრცლად
თავი დაანებონ თავის შერცხვენას და გადადგან სწორი ნაბიჯი - გადადგეს გიორგი გახარია - შოთა დიღმელაშვილი  

რუსთაველის გამზირზე აქციები არ წყდება. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ შს მინისტრი პოსტს არ დატოვებს.

ამ წუთებში, ანტისაოკუპაციო პროტესტის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ისევ იმ ადგილზე დგანან, სადაც სპეცდანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი დემონსტრაცია სასტიკად დაარბია.

„ხელისუფლება ცდილობს, ისევ ჩვეულებრივ პოლიციელებზე შეიწმინდოს ხელი. თან ეს პოლიციელი რისთვის დააკავეს? ხელკეტით ცემისთვის, ანუ ყველაზე პატარა დანაშაულისთვის, რაც იქ პოლიციამ ჩაიდინა. ჩვენ ძალადობას ვგმობთ ორივე მხარეს, რა თქმა უნდა, ეს არა ერთხელ გვითქვამს და ვემხრობით სამართლის აღსრულებას, მაგრამ სამართალს ორი ფრთა აქვს და კოჭლი სამართალი არ გვაინტერესებს, ცალმხრივი სამართალი არ გვაინტერესებს. თავი დაანებონ ამ თვით დესტრუქციულ ისტერიკას, თავის შერცხვენას და გადადგან ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რაც შეუძლიათ ამ სიტუაციაში გადადგან - გადადგეს გიორგი გახარია,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ პირველი დამნაშავე სწორედ გიორგი გახარიაა და მისი გადაყენებით, სისტემური ძალადობა უნდა დასრულდეს. 

„ოცნებამ მთელი 7 წელი მოანდომა იმას, რომ მის ხელთ არსებული ყველა ხერხით და ბოლოს ხერხები რომ გამოელიათ, რუსული ხერხების გადმოტანა დაიწყეს. მისი გადმომტანი გახლავთ ბატონი გახარია, რომელიც ჩამოვიდა მოსკოვიდან და ჩამოიტანა. ერთის მხრივ არჩევნების ძალოვანი სტრუქტურების მიერ მოგების ხერხი ჩამოიტანა, ჩამოიტანა ბოტების სისტემა, რომელიც ისე მაგრად ააწყვეს, რომ რომელიმე სფერო რომ აეწყო "ქართულ ოცნებას" ესე, როგორც ბოტები აქვთ აწყობილი, ძალიან კარგი იქნებოდა ყველასთვის,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.   

დღის ამბები