22 აგვისტო 2019,   23:22
ვრცლად
„დვალი თუ თვლის, რომ მას ძალადობით გადააფორმებინეს, დააბრუნოს ის ფული... ხალვაში არავინ არ არის, მე ვდაობ ივანიშვილთან" - ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ "რუსთავი 2" მისი კომპანიის დამფუძნებელს, დავით დვალს მიმართავს. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ თუ კი დავით დვალი აცხადებს, რომ მას იძულებით დაათმობინეს "რუსთავი 2", მაშინ ისიც უნდა თქვას, რა თანხა აიღო მან და ამასთან დააბრუნოს ეს ფული.

„დვალი თუ თვლის, რომ მას ძალადობით გადააფორმებინეს, ჯერ ერთი უნდა დააბრუნოს ის ფული, რომელიც აიღო ამაში და უნდა თქვას, რამდენი აიღო. მას ფული აღებული აქვს. დვალთან არა მაქვს სადაო. დვალი თუ თვლის, რომ მას წაართვეს მისი ლოგიკით გამოდის რომ ხალვაშმა წაართვა და ხალვაშმა დაუბრუნოს,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.  

განცხადებები ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა "არჩევანში" გააკეთა, სადაც ასევე მოწვეულები იყვნენ დავით დვალი და ქიბარ ხალვაში. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მას არაფერი აქვს სადებატო არც დვალთან და არც ხალვაშთან.

„ხალვაში არავინ არ არის, ივანიშვილი დგას მის უკან. სალია რომ იყო მოსული და კოლექტივს რომ შეხვდა, რა თქვა? "რუსთავი 2" ჩვენთვის ბიზნესიაო. მათ თუ "რუსთავი 2", როგორც ხალვაშს პამპერსების ბიზნესი ჰქონდა, ასეთი ჰგონიათ, ძალიან ცდებიან. "რუსთავი 2" არ არის ბიზნესი. მე პირადად არ ვდაობ "რუსთავი 2-ზე" როგორც აქტივზე. მე ვდაობ იმაზე, რომ ივანიშვილმა არ წაიღოს, როგორც თავისუფლების ბოლო ციტადელი,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილმა ის დეტალებიც გაიხსენა თუ როგორ გადაწყდა, რომ "რუსთავი 2" მას შეეძინა და როგორ მოხდა მისი და ქიბარ ხალვაშის გადაკვეთა. ოქრუაშვილის თქმით, ქიბარ ხალვაში იყო ფიქტიური პირი, რომლის სახელზეც გადაფორმდა "რუსთავი 2".

„რუსთავი 2-ის" ყიდვა დამევალა მე,  გუნდმა დამავალა მე. შესაბამისად, იქიდან, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკი ვიყავი და ამას ჩემზე ვერ გავიფორმებდი, მოვძებნე ჩემს სიახლოვეს მდგომი ბიზნესბეგრაუნდის ადამიანი. რომელიც იყო მეტნაკლებად დასაბუთებადი საზოგადოებისთვის ქიბარ ხალვაშის სახით,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი იმ მოტივებზეც საუბრობს, რის გამოც ხელისუფლებას "რუსთავი 2" სჭირდებოდა. მისი თქმით, არხის შეძენას ცდილობდა კომპანია, რომლის უკან იდგა ბადრი პატარკაციშვილი. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2" ხელისუფლებას სჭირდებოდა იმისთვის, რომ „იმედი“ დაებალანსებინა.

„ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" ეროსი კიწმარიშვილი ყიდდა იმაზე ადრე, ვიდრე გადააფორმა ხალვაშზე. ყიდდა „ნიუსკორპზე“ და „ნიუსკორპის“ უკან იდგა ბადრი პატარკაციშვილი. ჩვენ გვქონდა "რუსთავი 2-ის" ყიდვა გადაწყვეტილი იმის გამო, რომ ბადრი პატარკაციშვილის იმედი დაგვებალანსებინა,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა და განაცხადა, რომ როცა გაიგო, რომ ეროსი კიწმარიშვილს აღებული ჰქონდა „ნიუსკორპისგან“ 800 ათასი, მან უკან დააბრუნებინა ეს ფული.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, "რუსთავი 2-ის" შესყიდვა მოხდა სრული წესების დაცვით და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

„მილიონ ორასი ათასი აიღეს დვალმა და აქიმიძემ. ეროსი კიწმარიშვილმა აიღო გაცილებით მეტი ისე, რომ დვალმა და აქიმიძემ ამაზე არაფერი არ იცოდნენ,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი იხსენებს, რომ იმ პერიოდს, როცა პირველი კვეთა მოხდა ქიბარ ხალვაშსა და ივანიშვილს შორის. მისი თქმით, ივანიშვილი მაშინდელ ხელისუფლებას აძლევდა თანხას სკოლების გასარემონტებლად და მოითხოვა კომპანია, რომელსაც ჩაურიცხავდა თანხას. ამ კომპანიის დირექტორად კი მაშინდელმა მთავრობამ დანიშნა ხალვაში.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა ქიბარ ხალვაში მისკენ გადაიხარა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ქიბარ ხალვაშმა კარგად იცის, რომ "რუსთავი 2" მისი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები