04 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას დაატეროროს ოპოზიცია - ოპოზიციის წევრები ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურებიან

 „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი პარტიის ოფისში საგანგებოდ შეიკრიბნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაწყებას აანონსებს. მისი განცხადებით, ოქრუაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„საქართველოში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გუშინ გახდა, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმია, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით  არ დაუგეგმია და მონაწილეობა მასში არ მიუღია. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას დაატეროროს ოპოზიცია და ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ,“- განაცხადა ვაშაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავების ფაქტს ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობად აფასებს. გუგავა დარწმუნებულია, რომ ოქრუაშვილის დაკავება "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობის საკითხთან არის კავშირში.

 „პოლიტიკური მოწინააღმდეგის, პოლიტიკური ოპონენტის უსაფუძვლო ბრალდებებით დაპატიმრება არის მცდელობა კრემლიდან დანიშნულ მეფისნაცვალმა ივანიშვილმა ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა. მცდელობაა, რა თქმა უნდა, ეს ვერ გაუვა. რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას არანაირი რეალური საფუძველი არ უდევს, გარდა იმისა, რომ დიდი ალბათობით დასტურდება მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ნამდვილობა "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან მალე, ხოლო ივანიშვილი და მისი ბანდა, მიეცემა პასუხისგებაში იმ გამყიდველური ქმედებების გამო, რომელსაც ის ქვეყნისა და ხალხის წინაშე სჩადის,“- განაცხადა გუგავამ.

ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ივანიშვილი მათი შეშინებას და დაშლას ცდილობს. "რესპუბლიკელების" ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ნიკა მელიას ამბების შემდეგ ცხადი იყო, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ რეპრესიებს გააგრძელებდა.

„ბიძინა ივანიშვილი ისეთ ნაბიჯებს დგამს,  რომ ყველა პარტია ფიქრობს და ასეც ხდება, ერთად ვდგავართ. ივანიშვილი გადავიდა პოლიტიკურ დევნაზე. როდესაც ვნახეთ ნიკა მელია მარტო პარლამენტში, სადაც ჩამწკრივებული პარლამენტარები თანახმა იყვნენ და ხმა მისცეს იმუნიტეტის მოხსნას, ცხადი იყო, რომ ის გააგრძელებდა პოლიტიკურ რეპრესიებს. ის ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის რეპრესიებით ის შეაშინებს პოლიტიკურ ფიგურებს, ბიზნესს და ჩვენ ვერ შევძლებთ ერთმანეთთან საუბარს,“- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

პარტია „სამართალი და კანონის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი კი ივანიშვილის მმართველობას „პატრონყმულ“ წყობად მოიხსენიებს. მისი თქმით, ოლიგარქი გაბედავს ზუსტად იმდენს, რამდენსაც ამის საშუალებას ხალხი მისცემს.

„ყველაფერს ველი, იმიტომ, რომ როდესაც პატრონყმული წყობაა, ეს არ არის ფეოდალური, ფეოდალურს თავის წესი და რიგი აქვს, ეს არის პატრონყმული წყობა და ამ დროს ოლიგარქი გაბედავს იმდენს, რამდენსაც გააბედინებს მას  ხალხი,“- განცხადა ჩარკვიანმა.

დღის ამბები