03 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
შეიძლება მოხდეს მთელი მესტიის ნაწილის ჩამოშლა და ჩამონგრევა, - სვანები ხელისუფლებას აკრიტიკებენ

„განადგურებულია ინფრასტრუქტურა და თუ არ ვცდები, 20-მდე მანქანა არის ღვარცოფში დამარხული,“ - ეს განცხადება მესტიაში მცხოვრებმა მომხდარი სტიქიის შეფასებისას გააკეთა.

სვანეთი და ჭალაადის ხეობა ისევ სტიქიური უბედურების ზონაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი უმრავლესობისთვის ჭალაადის ჭალის გაჩეხვა მიუღებელი იყო. საპროტესტო აქციები აღნიშნული ჰესის აშენების წინააღმდეგ გასულ წელს ინტენსიურად იმართებოდა.

მესტიელები ამბობენ, რომ ადგილზე ამგვარი ჰესის მშენებლობა დაუშვებელია, რაც არაერთი ექსპერტის დასკვნაში არის დაფიქსირებული.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ სვანეთში შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის, მწვანე ჰესისნაირი ნაგებობის აშენება, თუმცა, ეს ისევე, როგორც ხელისუფლებამ, ასევე, დამკვეთმა ორგანიზაციამ, საერთოდ არ გაითვალისწინა.

ადგილობრივების თქმით მომხდარზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლებაა, რადგან ისინი მოსახლეობას არ უსმენდნენ და უმტკიცებდნენ, რომ მდინარეებზე განსახორციელებელი პროექტები საფრთხის შემცველი არ იყო.

„შენაკადებმა შეიძლება დაფაროს რამდენიმე ოჯახი და რამდენიმე სახლი, საერთოდ და მე არ ვიცი, მოდიოდნენ სპეციალისტები და უმტკიცებდნენ ამ გზშ-ს დამპროექტებლებს, რომ არ შეიძლება აქ ჰესის აშენება, შედეგად შეიძლება მოხდეს მთელი მესტიის ნაწილის ჩამოშლა და ჩამონგრევა და სახეზე არის დღეს მიღებული ზარალი,“ - ამბობს ადგილობრივი.

ადგილობრივები ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მათ მოსახლეობას არ მოუსმინეს.

„დღეს მინდა თვალებში ჩავხედო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, კომპანიის წარმომადგენლებსაც, სამინისტროს წარმომადგენლებსაც, ეკონომიკის, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ ეს აუცილებელია, ჩვენ ვართ ეკონომიკური განვითარების მოწინააღმდეგეები, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვიყვარს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სვანეთი და ჭალაადის ხეობა ისევ სტიქიური უბედურების ზონაა. სტიქიამ ჭალაადის ჰესი მთლიანად გაანადგურა. თითქმის, 70-მილიონიანი პროექტი წყალმა წაიღო.

გარესამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი, მოსახლეობა კვლავაც საფრთხის წინაშე და დახმარებას ითხოვს.

დღის ამბები