04 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
არსებობს საფრთხე, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე მოახდინონ ზეგავლენა - ოქრუაშვილის თანაპარტიელები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ

„ქართული ოცნება“ აქტიურ პოლიტიკურ რეპრესიებზე გადავიდა - ასე აფასებს ოპოზიცია 20 ივნისის საქმეზე დაწყებული დაკავებების სერიას. ვითარების მონიტორინგის თხოვნით ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მიმართავს.

ირაკლი ოქრუაშვილის თანამოაზრეებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ასევე სთხოვეს შეისწავლონ, თუ რა პირობებში იმყოფება მათი ლიდერი პატიმრობაში.

როგორც „გამარჯვებულ საქართველოში“ ამბობენ, არსებობს საფრთხე, რომ მის მიმართ ხელისუფლება გარკვეული ზეწოლის განხორციელება შეეცდება. 

„არსებობს საფრთხე, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე მოახდინონ ზეგავლენაც და აქაც ვთხოვეთ ჩვენ, როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ისე ვთხოვეთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობას,“ რომ იყოს მუდმივი მონიტორინგი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყოს უსაფრთხოდ, ასევე იყოს უსაფრთხოდ კობა კოშაძე და ოჯახიც, ფაქტობრივად, ეს კაცი არის ტყვედ,“ - ამბობს კოტე კემულარია.

იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილზე ზეწოლა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებითაც მოხდეს.

„ივანიშვილს არჩევნები აქვს წინ, მითუმეტეს, თუ პროპორციულამდე მივედით, ასეთ შემთხვევაში, „რუსთავი 2“ განსაკუთრებული საფრთხეა და ნებისმიერი თავისუფალი ტელევიზია,“ - ამბობს კოტე კომულარია.

ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიებს უკავშირებს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” წევრი, ანა რეხვიაშვილი. ის ამბობს, რომ შეხვედრის დროს ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც ოქრუაშვილის უკანონო პატიმრობასთან არის დაკავშირებული.

„მივაწოდეთ ინფორმაცია ირაკლი ოქრუაშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სრულად „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული. მან ძალიან ინტერესით მოისმინა ჩვენი პოზიცია, რომ აქ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და არ არის მტკიცებულებები და რა თქმა უნდა, ეს ინტერესი უფრო და უფრო გაღრმავდება და ეს ჩვენი პოზიცია და მხარდაჭერა იქნება გახმაურებული ვაშინგტონში და მათ პარტნიორ ორგანიზაციებში არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ," - განაცხადა ანა რეხვიაშვილმა.

დღის ამბები