04 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
ძარცვავ, თავხედო შენ, გაზულუქებული ზიხარ და ფეხებზე გკიდია - ხმაური და დაპირისპირება სემეკის სხდომაზე

ხმაური ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე - სემეკის წევრებს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ტარიფების გადახედვაზე მსჯელობენ. ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას განსაზღვრული ჰქონდა კურსით, როცა დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ირწმუნება, რომ სემეკი ხელისუფლებასთან შეთანხმებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან მატებას გეგმავს.

„ქვეყანა იქცეოდა და ტურას ქორწილი ჰქონდაო, ზუსტად ასეა ამათი საქმე. იხელთეს დრო, რათა მოხდეს კვლავ გაძვირება გაზზე ტარიფებისა. რამდენიმე დღის წინ, მაფიოზმა კალაძემ, თავის ამფსონებთან ერთად საბოლოოდ გადაიფორმა თბილისის გაზი და არ დააყოვნა, სემეკში შემოიტანა განაცხადი იმის შესახებ, რომ გაზზე ტარიფები გაიზარდოს 50%-ით. რაც არის სოციალური კატასტროფა,“-ამბობს გუგავა.

ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ სემეკში. კომისიის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, ტარიფს მხოლოდ დოლარის კურსი არ განაპირობებს. საკითხი კი შესწავლილი იქნება და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ახალი ტარიფის დადგენის შესახებ.

„ეს არის მორიგი გეგმიური გადახედვა და არ უკავშირდება ვალუტის კურსს. დღეს არის პროცედურების მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყება, იმ სატარიფო განაცხადებზე, რომელიც არის შემოტანილი კომისიაში კომპანიების მიერ. კურსი გათვლილია 2.66-ზე წინა ტარიფის დადგენისას. თუმცა სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას მხოლოდ კურსი არ არის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ტარიფებზე იმოქმედოს. არის სხვადასხვა ფაქტორები. ცალსახად იმის თქმა, რომ კურსის გაზრდა გამოიწვევს სამომხმარებლო ტარ8ფის გაზრდას, ასე არ არის, იმიტომ, რომ სხვა კომპონენტები ასევე მოქმედებენ ტარიფზე და მოქმედებენ ურთიერთ საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც დადგინდა შარშან, თუმცა წელს უკვე, რა ფინანსური ფაქტორები არის ამას უკვე შეისწავლის დეპარტამენტი და ახალ ტარიფს დაადგენს ამ ფინანსური პირობებიდან გამომდინარე,“-ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.

დღის ამბები