02 მაისი 2024,   20:03
ვრცლად
უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ოპოზიცია ლორთქიფანიძის განცხადებებზე საუბრობს

ოპოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს და დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებების გამო სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, განცხადების გარდა, ხელისუფლებამ ამერიკის საელჩოს ბოდიში უნდა მოუხადოს. 

საუბარია, ლორთქიფანიძის განცხადებაზე, სადაც ის ამტკიცებს, რომ 20 ივნისს პარლამენტში განვითარებული მოვლენების უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. მისი თქმით, შტურმში პირადად მონაწილეობდნენ ამერიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები.

ოპოზიციის შეფასებით, ლორთქიფანიძე სწორედ ხელისუფლების დავალებით მოქმედებს, რითაც რუსეთის გულის მოგებას ცდილობს.

"მათი მთავარი მიზანია, შეამცირონ საზოგადოებაში პოზიტიური განწყობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში- ერთი. მეორე - გამოიწვიონ ნეგატიური განწყობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში,იმიტომ რომ მათ ტყუილში სდებენ ბრალს  და მესამე- ისარგებლონ ხელისუფლების ნეიტრალური პოზიციით.

ამაზე უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. აშშ-ს საელჩოს ბოდიშიც კი უნდა მოუხადონ“-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ლორთქიფანიძის სახით, ჩანს, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდისტული მანქანა ამოქმედებულია და მას ვეღარაფერი შეაჩერებს. უსუფაშვილის განმარტებით, ლორთქიფანიძის განცხადებები იუმორისტული იქნებოდა, რომ არა 20 ივნისის ღამის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებით აღძრული საქმეები.  

„ეს ნიშნავს, რომ რუსული პროპაგანდის მანქანამ ბოლომდე მოუშვა ყველა მუხრუჭი და ამასაც კი ალაპარაკებს ვიღაცეებს. ანუ პროპაგანდისტული მანქანა სრული სვლით არის ამუშავებული და როგორც ჩანს, დღეიდან არაფერს შეაფერხებს. კი არის კომიკური, მაგრამ საქმე უკავშირდება იმ საკითხს,რომელზეც ხელისუფლებას საქმე აქვს აღძრული სახელმწიფოს გადატრიალების მუხლით და აგერ გამოჩნდა საქართველოს პატრიოტი მოქალაქე, რომელმაც ამდენი რამე იცის თურმე. ამ წუთში თუ პროკურორთან არ ზის ეს კაცი ჩვენებების მისაცემად ძალიან გამიკვირდებოდა,“-აცხადებს უსუფაშვილი.

დღის ამბები