01 მაისი 2024,   21:13
ვრცლად
ნიკა გვარამია დაკავებას არ გამორიცხავს და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ რამდენიმე სამართლებრივ დავას აანონსებს

ნიკა გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ერთი კაცის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის სამართლებრივი სტატუსი დღეს არ განხილულა. მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიამ ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა.

საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს - მასში საუბარია დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვაზე, კომპანიის კუთვნილი ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. გვარამიას ინფორმაციით, გამოკითხვისას პროკურორების ინტერესი ძირითადად სარეკლამო კონტრაქტებს და მათ ფასს უკავშირდებოდა.

დიტო საძაგლიშვილი დღევანდელ გამოკითხვას „რუსთავი 2-ის" ყოფილი იურისტის და ამჟამად ნიკა გვარამიას ადვოკატის სტატუსით ესწრებოდა. მისი თქმით, ნინო ნიჟარაძისა და მისი ადვოკატის ქმედებების ქრონოლოგია იმ ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ისინი ხელისუფლების დავალებით მოქმედებენ.

მისი თქმით, ნიჟარაძის ადვოკატმა დავა ჯერ სასამართლოში დაიწყო, შემდეგ პარტნიორთა კრება მოიწვია და კომპანიის ფინანსური დოკუმენტები მოითხოვა.
როგორც გაირკვა, პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას მხოლოდ ნიჟარაძის საჩივარი არ უდევს საფუძვლად. ანალოგიური განცხადებით საგამოძიებო უწყებას „რუსთავი 2-ის" მოქმედმა გენერალურმა დირექტორმაც მიმართა. 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის მსგავსად, „რუსთავი 2-ის" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელს პაატა სალიაც ძველ მენეჯმენტში ეძებს.

სალია ამბობს, რომ პროკურატურაში გაგზავნილი მისი განცხადება ზოგადია და იმ პოტენციურ დარღვევებს ეხება, რომელიც შესაძლოა, შესწავლის შემდეგ გამოვლინდეს.

გვარამიამ კი რამდენიმე სამართლებრივი დავა დააანონსა. მისი ინფორმაციით, „რუსთავი 2-ის" ყოფილი მფლობელები სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის ემზადებიან, პარალელურად გეგმავენ, ახალი დავა ქიბარ ხალვაშთან უკანონო გამდიდრების მუხლით დაიწყონ.

გვარამიას შემდეგ საგამოძიებო უწყება გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, „რუსთავი 2-ის" ფინანსური სამსახურის ყოფილ თანამშრომლებს და "ინტერმედიას" ხელმძღვანელებს გამოჰკითხავს.

დღის ამბები