03 მაისი 2024,   22:16
ვრცლად
რკინიგზის 4800 თანამშრომელი საპროტესტო აქციების აანონსებს - დასაქმებულები ხელფასების მატებას ითხოვენ

რკინიგზელები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან. ისინი ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ და გაფიცვებს აანონსებენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრი აცხადებს, რომ რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ ერთი გზა - საპროტესტო აქცია.

„დავიწყეთ პროფკავშირმა კოლექტიური დავა რკინიგზის ადმინისტრაციასთან ერთადერთი მოთხოვნით, რომ გაიზიაროს რკინიგზელების მოთხოვნები. პროფკავშირს გვაქვს შემუშავებული გეგმა, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს. რკინიგზის ადმინისტრაციისთვის ვიყავით მზად, რომ შეგვეთავაზებინა ეს გეგმა.  დავიწყეთ მედიაციის პროცესი. დაინიშნა მინისტრის წარმომადგენელი პროცესში თუმცა რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე. ამ ეტაპზე 4800 ადამიანი არის ჩართული ამ პროცესში ხელი აქვს მოწერილი კონკრეტულად საგაფიცო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე. პროფკავშირებს ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ ეს პროცედურები ჩავსვათ კანონის ფარგლებში, რომ გაფიცვა იყოს კანონიერი. სამწუხაროდ, რკინიგზის ადმინისტრაცია ჩვენთან კომუნიკაციას არ აწარმოებს. მეტიც, სახელმწიფო უწყებაა, დანიშნულია მენეჯმენტი მთავრობის მხრიდან და სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელსაც კი არ შეხვდნენ. ეს ინსტიტუციურ უპატივცემულობად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე საბოტაჟში ნიშნებია  იმიტომ, რომ ზუსტად იცის რკინიგზის ადმინისტრაციამ თუ მოლაპარაკებები არ შედგება გაფიცვა იქნება,“-განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრმა ილია ლეჟავამ.

პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია და სამომხმარებლო კალათი, რაც პირველად მოხმარების პროდუქტებს გულისხმობს, გაძვირებულია. პროფკავშირებში ამბობენ, რომ რკინიგზაში დასაქმებულებს საკუთარი ხელფასები ელემენტარული საკვების შესაძენადაც გაჭირვებით ყოფნით.  

„2012 წლიდან რკინიგზელებს ხელფასები არ მომატებიათ. აქედან გამომდინარე რკინიგზელები ითხოვენ ხელფასის 50%-ით მომატებას,“-განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრმა თენგო დვალიშვილმა.

მასშტაბური აქციების დაგეგმვა 10 აგვისტოს დაიწყება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენი დღე  გაგრძელდება გაფიცვა. იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქციები დაიწყება , ეს ავტომატურად გამოიწვევს შიდა და გარე მიმოსვლების შეჩერებას. 

დღის ამბები