04 მაისი 2024,   00:38
ვრცლად
"სანამ უყოფდნენ ნაძარცვს, მანამდე პრობლემა არ ჰქონდათ" - ხაბეიშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე

პროკურატურის მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნების, დიმიტრი ქუმსიშვილის, ზურაბ ალავიძის და დავით შავლიაშვილის მიმართ გამოძიების განახლებას, ოპოზიცია ეხმაურება. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც ისინი მთავრობაში იყვნენ.

„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მისი რამდენიმე ყაჩაღი უბრალოდ ჩაანაცვლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებზე უფრო მალე უნდა დაწყებულიყო, მთავრობაში რომ იყვნენ მაშინ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს ამ ადამიანების, ნაძარცვი დააბრუნონ,“ - აცხადებს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ კორუფციას არ ებრძვის და პირიქით, ამაში ხელს უწყობს კიდეც. 

„ასევე, საკითხი როცა დგას ებრძვის თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლება კორუფციას, უკაცრავად,  მაგრამ ივანიშვილი რომ ებრძოდეს კორუფციას ან ქართული ოცნება, პირველ რიგში თუ ვინმე დასაჭერია, მთავარი ყაჩაღი ივანიშვილია, შემდეგ მამაცაშვილი. ფარცხალაძე და გუშინ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ კონკრეტული კორუფციული სქემა, საიდანაც ჩვენ მოქალაქეებს ასობით მილიონ ლარს პარავენ. შესაბამისად, ახლა ამ ადამიანებზე, ვგულისხმობ ქუმსიშვილს, კვირიკაშვილს, ალავიძეს, დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან. სანამ კარგად უყოფდნენ ნაძარცვს, მანამდე პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ როგორც კი ვერ გაიყვეს ხალხის თანხა, ამის შემდეგ უკვე დადგა ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"კურიერის" ინფორმაციით, პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. გავრცელებული ცნობით, პროკურატურის ინტერესი ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და დავით შავლიაშვილის მისამართით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართვლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

მათ ეჭვი აქვთ, რომ ავტობანის მშენებლობის პროექტზე, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს ან მიითვისეს თანხები. მათ უკვე დასკვნაც მოამზადეს, სადაც საუბარია ეჭვებზე.

 

დღის ამბები