03 მაისი 2024,   17:54
ვრცლად
კომპანია "ნილში", რომლის არაფორმალურ მფლობელს ყური მოაჭამეს, ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გააკოტრა

კომპანია "ნილმა", რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა, მუშაობა შეწყვიტა. გაკოტრებული კომპანიის თანამშრომლები უკვე ერთი თვეა, სამსახურში აღარ დადიან. "ნილს" რამდენიმე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.

კომპანიის დირექტორს, კახა გიორგაძეს ტელეფონი გამორთული აქვს. მისი ოჯახი წევრები კი ამბობენ, რომ ბიზნესი ხელისუფლებამ გაუკოტრა და რამდნიმე მილიონი ვალიც ამის გამო დაედოთ.

კომპანია "ნილის" არაფორმალური მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი გიორგობიანი იგივე "გლობუსაა". სწორედ "ნილის" დავალიანებების გამო მოაჭამეს მას ყური სისხლიანი კრიმინალური გარჩევის დროს. ამ საქმეზე ბრალდებული გიორგი ნინოშვილი კომპანია ”გიგანის” არაფორმალური მფლობელია, წილები კი ნინოშვილის ბიძაშვილზე, თეონა ნინოშვილზეა გაფორმებული. კომპანია "გიგანი" "ნილს" საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, თუმცა ბოლოს "ნილმა" ფული ვეღარ გადაიხადა და დაპირისპირება სისხლიანი გარჩევით დასრულდა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომპანია "ნილს" თბილისის მერი, კახა კალაძე აიძულებდა, საბავშვო ბაღების კვება მინიმალური დაფინანსებით უზრუნველეყო, 2018 წლის ბოლოს "ნილს" უკვე ფინანსური პრობლემები ჰქონდა და აღარ აპირებდა, ბაღების საკვებით მომარაგებას.

კომპანია "ნილმა" გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მაინც მიიღო და თბილისის მერიას შესთავაზა, რომ ერთ ბავშვს 3 ლარად და 24 თეთრად გამოკვებავდა. თანხა იმდენად მინიმალური იყო, რომ ამ ფულით "ნილმა" ვერ შეძლო ბაღებში საკვები პროდუქტების შეტანა და ზარალზე მუშაობდა. ბაზრიდან "ნილის" გასვლის შემდეგ ხელისუფლებამ ბავშვების კვება "აგროჰაბს" გადააბარა, რომელსაც ბევრად მეტს, 4 ლარს და 27 თეთრს უხდის.

"აგროჰაბს" საკვებ პროდუქტებს იგივე კომპანია "გიგანი" აწვდის, რომელიც მანამდე "ნილის" მიმწოდებელი იყო. და რომლის დავალიანებების გამოც, ირაკლი გიორგობიანს ყური მოაჭამეს. თბილისის მერს ამ თემზე საუბარი არ სურს.

ამავე თემაზე
დღის ამბები