03 მაისი 2024,   16:45
ვრცლად
დაიწყო თუ არა საკადრო წმენდა "რუსთავი 2-ში" - არხის მთავარი იურისტი გათავისუფლებულია

„რუსთავი 2-დან" თამთა მურადაშვილის გათავისუფლება სამოქალაქო სექტორის ნაწილმა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე დაგეგმილი იერიშის წინასწარ საშიშ სიგნალად მიიღო. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" დირექტორი დარწმუნებულია, რომ პაატა სალიას ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა და მურადაშვილის გაშვება მაშინვე დაიგეგმა, როგორც კი კომპანიაში ახალი მენეჯმენტი მივიდა. 

იურისტის გათავისუფლებას მოქმედ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მექანიზმად ასახელებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარეც. კომპანიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა რომ დროის საკითხია, სამოქალაქო სექტორის ნაწილი ამაზე დიდი ხანია, თანხმდება.

არასამთავრობოების ნაწილი კომპანიაში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და ხელისუფლებას მოუწოდებს, ბოლომდე მიიყვანოს საქმე, რომლითაც სამართლიანობა არა, ნაწილობრივ, არამედ სრულად არხის დამფუძნებლებისთვისაც უნდა აღდგეს.

სამოქალაქო სექტორის ნაწილის ამ განცხადებებს „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი არასერიოზულად მიიჩნევს. პაატა სალიას თქმით, „რუსთავი 2-ის" ყოფილი იურისტი, რომელმაც არხს სტრასბურგის სასამართლოში პრეცედენტული დროებითი ღონისძიება შეჩერების მექანიზმი მოუტანა, სამსახურიდან ხელშეკრულების დარღვევის გამო გაუშვა.

პაატა სალია და თამთა მურადაშვილი ერთმანეთს, დიდი ალბათობით, ახლა უკვე სასამართლოში შეხვდებიან. არხის ყოფილი იურისტი, მოქმედი დირექტორს მასზე შურისძიებაში ადანაშაულებს. მურადაშვილი ამტკიცებს, რომ პაატა სალია სამსახურიდან მის გასაშვებად მიზეზებს აქტიურად ეძებდა და ბოლოს მისთვის გაუგებარი საბაბით გაათავისუფლა.

რას ნიშნავს „რუსთავი 2-დან" თამთა მურადაშვილის გათავისუფლება, ამ გადაწყვეტილების ფასი კარგად იციან ოპოზიციაში, სადაც ის უკვე შეაფასეს მარტივი დავალების შესრულებად, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას. იურისტის გათავისუფლების დაკავშირება არხის სარედაქციო პოლიტიკასთან დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებაში“ გაუჭირდათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები