03 მაისი 2024,   18:11
ვრცლად
ოკუპანტების ულტიმატუმის ვადა ამოწურულია - გუგუტიანთკარში მოსახლეობამ საკუთარი სახლები აგურ-აგურ დაშალა

ოკუპანტების ულტიმატუმის ვადა ამოწურულია. გუგუტიანთკარის მოსახლეობამ, საკუთარი ხელით აშენებული სახლები ისევ საკუთარი ხელით, აგურ-აგურ დაშალა. სოფელში ისევ ელოდებიან, როდის განაახლებენ სამუშაოებს ოკუპანტები. საოკუპაციო ზოლს მიღმა უკვე მოჰყვა ორი სახლი და საძოვრები. ადგილობრივებმა არ იციან, კიდევ ვის სახლამდე მივა ე.წ. საზღვარი.

გუგუტიანთკარში მცხოვრებთა ნაწილი, ბოლო რამდენიმე დღეა საუბრობდა, რომ ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ვერ გრძნობდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც გუშინ სოფელში შერიგების მინისტრი ჩავიდა და სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა საუბარი შეწყვიტეს.

რატომ გაჩუმდნენ ადგილობრივები, მხოლოდ პირად საუბრებში ამბობენ. მათი თქმით, დახმარების გარანტიები მიიღეს და სწორედ ამიტომ პრობლემაზე საუბარი მედიასთან აღარ სურთ. ფიქრობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება პირობას არ შეუსრულებს. 

მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ზოლი თითქმის უკვე სოფლის ცენტრშია გავლებული, გორის მერი ამ საკითხით არ ინტერესდება. ე.წ. საზღვართან ის ბოლო 10 დღეა არავის უნახავს. მის ადგილსამყოფელზე არ საუბრობს არც მერის მოადგილე და არც გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე.

დღის მეორე ნახევარში გუგუტიანთკარში, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა, თუმცა დავით ზალკალიანი ადგილობრივებს მედიის გარეშე შეხვდა. მინისტრის თქმით, უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედებულია.  

დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩებოდა წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი გუგუტიანთკარი წყლით მარაგდება. დღის ბოლოს, მინისტრმა ივარაუდა, რომ რეზერვუარი ოკუპირებულ მხარეს არ მოექცევა და ადგილობრივებს მისი გამოყენება შეეძლებათ.

სოფელ გუგუტიანთკარში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. სოფლის დათვალიერების შემდეგ, მათ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. საოკუპაციო ზოლთან დღეს კიდევ ერთხელ მივიდა ანტისაოკუპაციო მოძრაობის, ძალა ერთობაშია წევრი დავით ქაცარავა, თუმცა ის სოფელში არ შეუშვეს.

სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტები 7 აგვისტოს გამოჩნდნენ და ღობეების გავლება დაიწყეს. საოკუპაციო ზოლს მიღმა ადგილობრივების ორი სახლი და სოფლის საძოვრები დარჩა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები