26 აპრილი 2024,   18:29
ვრცლად
საქართველოში გავრილოვის სკანდალური ვიზიტის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილი დუმილს არღვევს

სამთვიანი დუმილი დაირღვა. "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მედიასთან გამოჩნდა და განმარტებები კამერების წინ გააკეთა, თუმცა მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდ დატოვა.

საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია,  ვინ მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის დასმის გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ზაქარია ქუცნაშვილი ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის  ჩატარების შესახებ  "ქართულ ოცნებაში" დეტალური ინფორმაცია ჰქოდათ

ყოფილი დეპუტატის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა.  თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ასამბლეის ჩატარების შესახებ ინფორმაცია მას და სხვა დეპუტატებს ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა, საორგანიზაციო საკითხებით არასოდეს დაინტერესებულან. ვიცე-სპიკერი დღესაც იმეორებს, რომ თავმჯდომარის სკამში მჯდომი გავრილოვი მისთვისაც სიურპრიზი იყო.

20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში 100 დღიანი დუმილის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა ისევ ოპოზიცია დაადანაშაულა. გავრილოვის თბილისში ვიზიტის ორგანიზატორი პასუხისმგებლობას იმ დეპუტატებს აკისრებს, რომლებმაც მაშინ პროტესტის ნიშნად ტრიბუნა დაიკავეს. ქუცნაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ დეპუტატები.

ქუცნაშვილის ბრალდებების ადრესატი დღეს კიდევ ერთი ადამიანი იყო.  ყოფილი დეპუტატი სერიოზულად განიხილავს იმასაც, რომ შესაძლოა სერგეი გავრილოვს სკამი, დარბაზში გახმოვანებაზე პასუხისმგებელმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ნუკრი მაქარაშვილმა დაუდგა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" აქტიური წევრის, გიგა მაქარაშვილის მამაა. გიგა მაქარაშვილი ქუცნაშვილის განცხადებას მარაზმად აფასებს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გავრილოვის ჩამოსვლა ბოლო წლების ყველაზე ხმაურიან მოვლენად იქცა, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყნისთვის აუცილებელი იყო.

დღის ამბები