26 აპრილი 2024,   14:57
ვრცლად
"ვთვლი, რომ არანაირი მორატორიუმი გამოცხადებული არ უნდა იყოს" - მოსამართლეობის კანდიდატი შეწყალებებზე

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უსმენენ.

უმრავლესობის დეპუტატები დაინტერესდნენ თავაძის საქმიანობის დეტალებით წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის კითხვაზე, იყო თუ არა სასამართლო წინა ხელისუფლების დროს თავისუფალი, თავაძემ უპასუხა, რომ სასამართლოს ჰქონდა პრობლემები. მამუკა მდინარაძე პასუხმა არ დააკმაყოფილა და კანდიდატს სთხოვა, უფრო მეტად დაეკონკრეტებინა პასუხი.

ამის შემდეგ, თავაძემ დააკონკრეტა, რომ სასამართლო ნაწილობრივ თავისუფალი იყო.

მდინარაძემ კითხვა მორატორიუმზეც დასვა, რომელიც პრეზიდენტმა შეწყალების სკანდალის შემდეგ შეწყალებებზე გამოაცხადა და დაინტერესდა ზაზა თავაძის შეფასებით, სამართლიანი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება.

"როგორც იურისტი გეტყვით, რომ არანაირი მორატორიუმი აქ გამოცხადებული არ უნდა იყოს,"- უპასუხა თავაძემ მდინარაძეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე მოსამართლეობის 8 კანდიდატს გაესაუბრნენ - თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემაძეს, შოთა გეწაძეს, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს, თამარ ზამბახიძეს და შალვა თადუმაძეს.  ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მეცხრე კანდიდატია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები