26 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
ნიკა მელიას ისევ ელექტროსამაჯურით გააკონტროლებენ - ადვოკატის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება პირადი წყენის გამო მიიღო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის, ნიკა მელიას გადაადგილებას ისევ ელექტროსამაჯურით გააკონტროლებენ. დაცვის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი დღეს 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, საქმეს არანაირი სამართლებრივი მიზანი არ გააჩნია და გამოყენებულია როგორც პოლიტიკური იარაღი. მელიას უფლებადამცველი აცხადებს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება პირადი წყენის საფუძველზე მიიღო:

"ისევე როგორც პროკურატურა , ასევე სასამართლო ერთობლივად არიან ჩაბმულნი იმ ფერხულში, რასაც ჰქვია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის. აქ სამართლებრივი მიზნების არავითარი ნიშანი არ არსებობს, მოსამართლე დღეს მთლიანად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ნიკა მელია არ დაემორჩილა ჩემს მოწოდებასო, მთავარი არგუმენტი რაც მოვისმინე იყო, რომ იგი მე დღეს გავაძევე და შესაბამისად ამის გამო არ ვიღებ მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილებასო , ერთადერთი რაც გავიგე ეს იყო, რომ არ დამემორჩილა სხდომის დარბაზშიო და ფაქტობრივად პირადი წყენის ნიშნები ახასიათებდა მოსამართლეს, როდესაც განმარტებას აკეთებდა,"- განაცხადა კონდახაშვილმა.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის შეფასებას, რომ ნიკა მელიას, როგორც პარლამენტის დეპუტატს,  სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, კონსტიტუციური უფლებები ეზღუდება არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებელი ბექა კვიციანი. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ნიკა მელია იყო პარლამენტშიც და რამდენიმე ტელევიზიის ეთერშიც:

"ეს გადაწყვეტილება არ მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, ვინაიდან მას არცერთ შემთხვევაში არ შეზღუდვია მისი როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი უფლება. ის თავისუფლად გადაადგილდება მიდის პარლამენტში და ახდენს მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებას. ასევე არაერთ სატელევიზიო ფორმატში მიიღო მონაწილეობა."- განაცხადა ბექა კვიციანმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერსაა ჩანიშნული. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

დღის ამბები