01 მაისი 2024,   01:43
ვრცლად
პოლიტიკური მონანიება თუ რევანში - გიგა ბოკერიას განცხადება და დაპირისპირება ოპოზიციაში 

პოლიტიკური ამნისტია - გიგა ბოკერია არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს. "ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, სახელისუფლებო დანაშაულები დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გამოსავლენია. ბოკერიას თქმით, ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ წინამორბედის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

გიგა ბოკერიას ამ განცხადების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობასა“ და "ევროპულ საქართველოს“ შორის დაწყებული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. პოლიტიკური რევანშის თემამ ყოფილი თანაგუნდელები შეთქმულების თეორიებზე აალაპარაკა. ოპონენტების დევნასა და შურისძიების თემაზე საქართველოში დაწყებულ დისკუსიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილისთვის უხერხულია ისეთი ტიპის წინასწარი განცხადებები, სადაც მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ შერბილებული ტონი იგრძნობა. როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, მათი საქმეები კი ანტიკორუფციულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

გიგა ბოკერიას განცხადება პოლიტიკური ამნისტიის შესახებ გაუგებარი აღმოჩნდა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველას ციხეში გაშვება არასწორია, თუმცა მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის პოლიტიკური ინდულგენციის გაცემაც დაუშვებელია.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპონენტებს დღეს პოლიტიკური კულტურა დაუწუნა. როგორც "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ოპონენტებს ექცეოდნენ არა ისე, როგორც მათ დაიმსახურეს, არამედ ისე, როგორც ქვეყანას ეკადრებოდა.

 

დღის ამბები