20 ნოემბერი 2019,   01:02
ვრცლად
თურქეთ-სირიის საზღვარი -"კურიერის " გადამღები ჯგუფი კონფლიქტის ზონაში

მსოფლიო ანკარასა და დამასკოს შეიარაღებული დაპირისპირების მოლოდინშია. ჯერჯერობით ამ ვითარებაში გამარჯვებული მხოლოდ მოსკოვია. ოფიციალური ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 160 ათასამდე გაიზარდა. დევნილების ნაწილი ერაყის საზღვარს უკვე მიადგა. იზრდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობაც.

"კურიერი“ ცხელ წერტილში - გადამღები ჯგუფი თურქეთი-სირიის საზღვართან, თურქეთის ქალაქ აქ-ჩაკალესთან იმყოფება, საიდანაც საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე კილომეტრში მიმდინარეობს. ეს არის ბოლო წერტილი, რის შემდეგადაც მედიის მუშაობა შეზღუდულია.
ეს არის ტერიტორია, სადაც ასადის არმია 5 წლის განმავლობაში ვერ შედიოდა, დღეს კი იქ სირიელი სამხედროები მოძრაობენ.

თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან, თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დაასრულებს - ასეთია ანკარის გზავნილი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ოპერაცია "მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში ჩრდილოეთ სირიაში 1 200 კვადრატული კილომეტრის ფართობზე კონტროლი უკვე დაამყარეს.

მანამ სანამ ერდოღანი მიღწეულ სამხედრო წარმატებაზე საუბრობს, თურქული ავიაცია და არტილერია სირიულ ქალაქებზე ინტენსიურ შეტევებს განაგრძობს.

როგორც ერდოღანი აცხადებს, ის მიესალმება ასადის მიერ ჩრდილოეთ სირიაში სამთავრობო ძალების გადასროლას და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისი მთავარი სამიზნე ქურთი მებრძოლები არიან.
ასევე ცნობილია, რომ პუტინმა ერდოღანი მოსკოვში მიიწვია. როგორც დასავლური მედია წერს, შეხვედრას ასადიც დაესწრება.

შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია გაერო. სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი თურქეთ-სირიის საზღვარზე დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. გაერო შიშობს, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო დიდ ჰუმანიტარულ და საიმიგრაციო კრიზისს გამოიწვევს. 

დონალდ ტრამპის განცხადებით, პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ამერიკელი სამხედროები კონფლიქტის ზონასთან ახლოს რჩებიან. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, ცოტა ხნის წინ ანკარაში ჩავიდა ამერიკის დელეგაციის ნაწილი.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, 13 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ანკარაში ამერიკის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს, მანამდე კი მოსკოვში ჩავა.

დღის ამბები