04 მაისი 2024,   16:20
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა გლდანში - "კურიერმა" ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალები გაარკვია

დღეს ცნობილი ხდება, რომ გლდანში მორიგი ღამის გარჩევა მოხდა, რომლის დროსაც ორი ახალგაზრდა დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი პირი უკვე დაკავებული ჰყავს, თუმცა დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლეს ამ დრომდე საფრთხე ემუქრება. მას ჭრილობები დანით და ჩაქუჩით აქვს მიყენებული. 

მძიმედ დაჭრილი 20 წლის თორნიკე პაპავას დედა კონფლიქტის დეტალებს თავისი შვილის მეგობრის მონაყოლიდან იცნობს, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა. ნანი ბაშარული ირწმუნება, რომ დაპირისპირებას წინაპირობები არ ჰქონია. მისი ვერსიით, შელაპარაკება, რასაც დაჭრა მოყვა, ახალგაზრდებს საერთო ნაცნობის ავტოფარეხში შემთხვევით შეხვედრის შემდეგ მოუხდათ. 

სისხლიანი კონფლიქტი 11 ოქრომბერს გლდანის მე-5 მიკრორაიონში, კორპუსის წინ მდებარე ავტოფარეხში მოხდა. 19 წლის ილია ხინჩაგაშვილი კამერასთან გამოჩენას და ზოგადად სახლიდან გასვლას ერიდება. როგორც ხინჩაგაშვილის დედა ამბობს, ამისთვის საფუძვლიანი მიზეზი აქვს, რის შესახებ პოლიციასაც შეატყობინა. 

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც საქმეში ფიგურირებს, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე კორპუსში ცხოვრობს. დღეს მისი ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ საუბარი არ ისურვეს.

ორი დაშავებულიდან ერთი, გიორგი დოლაკიშვილი, რომელსაც დანით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, გაწერისთანავე ოჯახმა ის ქალაქიდან გაიყვანა, მათ არც მომხდარზე საუბარი სურთ. რაც შეეხება მეორე დაჭრილს, თორნიკე პაპავა ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე სამი ახალგაზრდა ცხელ კვალზე დააკავეს. ესენი არიან თორნიკე ქირია, გიორგი ქირია და გიორგი მამულაშვილი. მათ ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეეფარდათ.

დღის ამბები