04 მაისი 2024,   08:35
ვრცლად
"კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა, შედარებაც არ შეიძლება" - კოპალიანმა ოთარ კახიძეს ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი უწოდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. "ქართული ოცნების" წევრმა კარლო კოპალიანმა მიქაუტაძისთვის შეკითხვის დასმის დროს, წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა და ისინი სასამართლოს დამონებაში დაადანაშაულა. ამასთან კარლო კოპალიანმა დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება, "მოსამართლეთა კლანის" წევრი მოსამართლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დეპუტატების ბულინგად შეაფასა 

"მე 12 წელია პარლამენტში ვარ და არ შემშლია გადაწყვეტილების მიღების დროს ვისთვის დამეჭირა მხარი"- განაცხადა კოპალიანმა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ მოსამართლეთა მოსმენა ასეთ დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. იმ ადამიანების მხრიდან კრიტიკა კი, რომლებმაც მანკიერი სასამართლო სისტემა შექმნეს, უზნეობაა:

"ყველაზე მეტი უზნეობაა,  იმ ადამიანებმა დასვან შეკითხვა, ვინც ყველაფრის იმის შემქმნელი იყო... ახლა მე რომ ვიყო ბატონი გიორგის ადგილზე, კომპლექსი გამიჩნდებოდა და შემაწუხებდა, რომ ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს ბატონი კახიძე, რომელიც იყო იმ დამონებული სასამართლოს ერთ-ერთი ავტორი.

ბოკერია საუბრობს მურუსიძეზე, გაგეცინება კი არა მართლა საოცრებათა ქვეყანაში ვიმყოფებით. დღევანდელი მოსამართლის კომპეტენციაზე საუბრობს ბატონი ბოკერია და სვამს შეკითხვას, რატომ არ იყო ასეთი კომუნიკაბელური მურუსიძე ტელევიზიებთან წინა ხელისუფლების დროს. ორი სიტყვა რომ ეთქვა მისი ძვალი არ იქნებოდა."- განაცხადა კოპალიანმა.

კოპალიანის განცხადებას "ევროპული საქართველოს"  წევრმა ოთარ კახიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ტოტალიტარული, საოკუპაციო რეჟიმი ნამდვილად იყო საქართველოში და სწორედ ამ რეჟიმს ემსახურებოდა კარლო კოპალიანი.

"კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმი იყვნენ ყველაზე დიდი ბოროტება... როდესაც ამ რეჟიმმა ამ შენობის წინ ქართველი ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტვა მოაწყო ნიჩბებით, 1989 წლის 9 აპრილს, თქვენ ამის შემდეგ ამ პარტიის უმაღლეს პარტიულ გორკის სკოლაში შებრძანდით, თქვენგან აქ მორალის კითხვას ვერავინ მოითმენს,"- მიმართა კახიძემ.

პასუხად კოპალიანმა ოთარ კახიძეს ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი უწოდა და განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კომუნისტური რეჟიმი სჯობდა:

"ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი ხართ. კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა, შედარებაც არ შეიძლება,"- განაცხადა კოპალიანმა ოთარ კახიძის მისამართით.

დღის ამბები