26 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
მოხალისე-მაშველების ინსტიტუტი - სტიქიური უბედურების დროს რიგითი მოქალაქეები ე.წ. ზურგის სამუშაოებს შეასრულებენ

ქვეყანაში მოხალისე-მაშველების ინსტიტუტი ამოქმედდება - რიგითი მოქალაქეები, რომელთაც სურვილი ექნებათ კრიზისების დროს მაშველებს დაეხმარონ, გადამზადების კურსს გაივლიან. სტიქიური უბედურებების პერიოდში, მოსახლეობის ევაკუაციისა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს მოხალისეები ე.წ. ზურგის ოპერაციებს განახორციელებენ. პროექტი "მოხალისე" დღეს ბორჯომიდან დაიწყო და მალე მთელ ქვეყანას მოიცავს. პირველი ნაკადი უკვე შევსებულია. პროექტში მონაწილეობის სურვილი 300-მა მოქალაქემ გამოთქვა.

ორმოცდაათზე მეტი მოხალისე მაშველი პროფესიონალების მეთვალყურეობით გადამზადებას უკვე ინტენსიურად გადის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პროექტ "მოხალისეს" დაწყება სიმბოლურად ბორჯომის ხეობიდან გადაწყვიტა. ადგილს, სადაც ცეცხლმა ორი წლის წინ 100 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა დღეიდან სამასი მოხალისე მაშველი დაიცავს.

მოხალისეების გარდა, სამცხე-ჯავახეთის სამაშველო სამსახურს დღეს ორი ერთეული მაღალი გამავლობის სამაშველო ავტომობილიც შეემატა. მერსედესის მარკის სპეცტექნიკა, რომელიც ხეობის რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად აუცილებელია, იაპონიის საელჩომ ქართულ მხარეს უსასყიდლოდ გადასცა.

13 ივნისის სტიქია თბილისში და 2017 წელს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი, სადაც მაშველებთან ერთად ათასობით მოხალისე მოქალაქეების დახმარებას ცდილობდა - ასეთმა გამოცდილებამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი პროექტის განხორციელებისკენ უბიძგა. უწყებაში ფიქრობენ, რომ მოხალისეების როლი სტიქიური უბედურებების აღმოფხვრის პროცესში გასაძლიერებელია.

სტიქიებისა, ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციების მოსაგერიებლად სამაშველო სამსახურს დღეიდან მოხალისეთა პირველი ნაკადი დაემატა. ბორჯომის ხეობაში დაწყებული გადამზადების კურსები 2020 წლისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. მომდევნო წლიდან, მაშველებთან ერთად სტიქიური კრიზისების აღმოფხვრაში მონაწილეობას ასობით გადამზადებული მოხალისე შეძლებს.

დღის ამბები